ახალი ამბები

ხულორდავა: ვისურვებდი, ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება არ მოხდეს

14 თებერვალი, 2018 • 2661
ხულორდავა: ვისურვებდი, ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება არ მოხდეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, სურს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება არ მოხდეს. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთს” განუცხადა.

“მე ვისურვებდი, რომ მისი ექსტრადირება თურქეთში არ მოხდეს. ეს არის ჩემი პასუხი. მე ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი და მეზობელ ქვეყნებზე ჩემი მხრიდან ხმამაღალი განცხადებების კეთება არ არის მიზანშეწონილი. ვისურვებდი, რომ სასამართლომ არ მიიღოს ექსტრადიციის გადაწყვეტილება, თუმცა ის არის დამოუკიდებელი ორგანო და დაველოდოთ, რას გადაწყვეტს ის”,-აღნიშნა მან.

კომენტარი ხულორდავამ “ღია საზოგადოება-საქართველოს”ოფისში გააკეთა, სადაც “ღია საზოგადოებისა” და  “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციას “ევროპა და ახალი მსოფლიო ‘უწესრიგობა’: ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ” დაესწრო.

ღონისძიებაზე  ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ და კომიტეტის წევრმა სერგი კაპანაძემ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისადმი ევროკავშირის პოლიტიკაზე იმსჯელეს.


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ჩაბუქსითვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საკითხის კომენტირებისას, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი “იმედის” ეთერში აცხადებდა, რომ თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება მოხდება, ის მოხვდება ევროპული სტანდარტის ციხეში, სადაც არ დაექვემდებარება წამებას.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი