ახალი ამბები

კონსტიტუციის პროექტში ცვლილება წესების დარღვევით შეიტანეს – ბერაია

22 მარტი, 2018 • 2209
კონსტიტუციის პროექტში ცვლილება წესების დარღვევით შეიტანეს – ბერაია

IDFI-ის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერი გიორგი ბერაია ამბობს, რომ კონსტიტუციის პროექტში, რომელიც, ამჟამად მესამე მოსმენის ეტაპზეა, მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილება ფორმალური წესების დარღვევით შეიტანეს.

ბერაიას თქმით, აქ პრობლემა არის ორი რამ –  ეს შინაარსობრივი ცვლილება, რომელიც მესამე მოსმენის ეტაპზე გაჩნდა ტექსტში, არ ყოფილა გამოტანილი საერთო-სახალხო განხილვაზე და მეორე – მესამე მოსამენაზე კანონპოექტში შინაარსობრივი ცვლილებები არ შედის.

გიორგი ბერაია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ცვლილებების ასე შეტანა “თავხედური და ამავდროულად კომიკური ამბავია”.

საკონსტიტუციო ცვლილებების ამჟამად პარლამენტში მესამე მოსმენის ეტაპზეა. თუ რა შეიცვალა მეორე მოსმენით მიღებულ დოკუმენტსა და მესამე მოსმენაზე წარდგენილ დოკუმენტს შორის შეგიძლიათ ნახოთ აქ:

როგორც პარლამენტის ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, ამ ცვლილების ავტორი პარლამენტის თავმჯდომარეა.

გიორგი ბერაია ამბობს, რომ თუ  პარლამენტმა ეს ცვლილება მიიღო, შესაძლოა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგანაც სასამართლოს არსებული პრაქტიკით ფორმალური წესების დარღვევით მიღებული კონსტიტუცური ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა სასამართლოს შეუძლია.

შინაარსობრივად, მესამე მოსმენაზე წარდგენილი ვარიანტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკუძალას კრძალავს, ანუ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ მომავალში გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გადავადების შესაძლებლობა ექნება.

“კარგი ცვლილებაა იმით, რომ სასამართლოს უფლებამოსილებას აფართოებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, იმ კუთხთ, რომ სასამართლოს აქვს შესაძლებლობა თქვას, რომ უკვე დასრულებულ ურთიერთობაზე ვიღაცას ზიანი რომ მიადგა არაკონსტიტუციური კანონით, ამ ზიანზეც ავრცელებს თავის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ესეც უნდა გამოსწორდეს, ანუ, ეს კანონი მიღებიდანვე იყო ბათილი და შესაბამისად, არ უნდა გავრცელებულიყო არც წარსულ ურთიერთობებზე, ამას ამბობს უკუძალით. ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები ახლავს, იმიტომ, რომ შეიძლება, სამოქალაქო სამართალში, მაგალითად, სადაც ორი კერძო პირია, ენდობა კანონს და არ იცის, რომ ეს კანონი არაკონსტიტუციურია, ამიტომ, საკმაოდ რთული თემაა, მაგრამ, შინაარსობრივად, ეს საკითხი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი იმისთვის, რომ სასამართლოს უფლებამოსილებას აფართოებს,”- განაცხადა ბერაიამ.

როგორც გიორგი ბერაია ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტავს, შინაარსობრივად შეიძლება ამ ნორმას ეთანხმებოდე, ან  არა, მაგრამ, აქ ფორმალური წესების დარღვევაზეა საუბარი:

“მესამე მოსმენაზე რომ ჩნდება ახალი საკითხები, არის, ცხადია, ძალიან დიდი პრობლემა და ფორმალური წესების დარღვევა,”- განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი