„ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა საკონსტიტუციო სარჩელი სამი მსხვილი პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ და დააანონსა პატარა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაც, თუ ისინი „არსებით გავლენას“ შეიძენენ. სარჩელი, „ოცნების“ თანახმად, ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს:
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა;
- საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
ადამიანის უფლებათა იურისტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ბერაია „ნეტგაზეთთან“ აფასებს, რამდენად აკმაყოფილებს პარტიების აკრძალვის სტანდარტს „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი დასაბუთება:
– უშუალოდ სარჩელზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ზოგადი შეფასებით, პარტიების აკრძალვა, დეტალურად გააზრებული საფუძვლების გარეშე, ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, რაც თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრაქტიკაში არსებობს.
ყველა საერთაშორისო სტანდარტით, პარტიის აკრძალვა არის უკიდურესი, ექსტრემალური ღონისძიება და ძალიან მძიმე ჩარევა დემოკრატიულ პროცესებში. ის ზღუდავს არა მხოლოდ პარტიის, არამედ ამომრჩევლის უფლებასაც იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველი კარგავს პარტიას, ვისთვისაც ხმის მიცემა სურს. ძალიან სკრუპულოზურად უნდა იყოს დასაბუთებული, თუ რატომ არის აუცილებელი და პროპორციული პოლიტიკური პარტიის აკრძალვა. დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა სხვა მექანიზმით შეუძლებელია სახელმწიფოს წინაშე მდგარი მიზნის მიღწევა და არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება. ECHR-ის პრაქტიკით, პარტიის აკრძალვა დასაშვებია ორ შემთხვევაში:
- როდესაც პარტიის დოკუმენტებით გაწერილი საბოლოო მიზანი ეწინააღმდეგება კონსტიტუციასა და საერთაშორისო კონვენციებს. ასეთი იყო, მაგალითად, თურქეთში პარტიის საქმე, რომელსაც სურდა შარიათის კანონების შემოტანა, ან ნეონაცისტური პარტიების შემთხვევები, რომელთა მიზნებიც კონსტიტუციის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
- როდესაც პარტია მიზნების მისაღწევად იყენებს უკანონო ღონისძიებებს, როგორიცაა ძალადობა ან ტერორიზმი.
მნიშვნელოვანია, რომ პარტიის ცალკეული ინდივიდების პასუხისმგებლობა ავტომატურად არ ნიშნავს მთლიანად პარტიის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. უნდა დადგინდეს, რომ კონკრეტული ქმედება წახალისებული და მხარდაჭერილი იყო პარტიის მიერ.
დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში, როცა მმართველ გუნდს სრული კონტროლი აქვს ხელისუფლების სამივე შტოზე, მიღებულია რეპრესიული კანონები და იცვლება საგარეო კურსი, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის დამატებითი ნაბიჯი სრული ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული პროცესის გაუქმებისკენ. ამიტომ, ამ ინიციატივის მიზანი დემოკრატიის დაცვა კი არ არის, — როგორც ხშირ შემთხვევაში ამბობენ, როცა პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე არის საუბარი — არამედ მისი მოსპობაა.
— თვალსაჩინოებისთვის რომ ავიღოთ „ლელოს“ მაგალითი. ის არ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში და „ოცნება“ ედავება, რომ დაარღვია „დემოკრატიის არსი“ არჩევნების შედეგების არაღიარებით. რამდენად შეიძლება არჩევნების შედეგის არაღიარება იყოს პარტიის აკრძალვის საფუძველი?
– ეს არის აბსოლუტური, სამართლებრივი აბსურდი. დემოკრატიულ სახელმწიფოში არ მომხდარა, რომ ამ საფუძვლით პოლიტიკური პარტია აეკრძალათ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი ჯგუფის მიერ სრულად კონტროლირებადია და იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაზეც პოლიტიკური დაკვეთა იქნება. მაგრამ შემდეგ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში და ამგვარი არგუმენტაციით მისი გამართლება შეუძლებელი იქნება. დარწმუნებული ვარ, მმართველ გუნდშიც იციან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

გიორგი ბერაია
შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ისინი თავიდანვე ემზადებიან, რომ არ შეასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და კიდევ უფრო მეტ კონფრონტაციაში შევიდნენ. სამწუხაროდ, ამ იზოლაციონისტური პოლიტიკის კონტექსტში, ერთ-ერთი პერსპექტივა შეიძლება იყოს ევროპის საბჭოს დატოვება ან იქიდან გარიცხვა, თუ ქვეყანა კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ეს იქნება კატასტროფა.
პარტიების აკრძალვის პროცესი შიდა დონეზე არ რჩება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულწილად განაჩენი იქნება მათი გადაწყვეტილების მიმართ. ეს ყველაფერი კიდევ ერთი ნაბიჯია დემოკრატიული დაღმავლობის გზაზე.
– შიდა დონეზე არ დარჩება, მათ შორის, ოკუპაციის ნაწილი. „ქართული ოცნების“ დასაბუთებით, წინა ხელისუფლებამ „შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად“. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს „ოცნების“ არგუმენტებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გატარებული პოლიტიკისა და 2008 წლის ომთან დაკავშირებით, იქნება თუ არა ეს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამართლება უკვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ?
– ჩვენ გვქონდა საქმეები არაერთ საერთაშორისო სასამართლოში — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო. არცერთ საქმეში არ გამოკვეთილა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა 2008 წლის ომთან დაკავშირებით. პირიქით, გადაწყვეტილებები იყო იქითკენ, რომ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა ხდებოდა რუსეთის მიერ. ამ კონტექსტში, როცა სახელმწიფო თვითონ ამბობს, რომ „არა, ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი“, ეს იმ საერთაშორისო შეფასებების სრული უარყოფაა, რაც ამ საკითხზე არსებობდა და, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც რუსული პროპაგანდის ნარატივი, თითქოს 2008 წელს მათ „ჰუმანიტარული ინტერვენცია“ განახორციელეს. როდესაც თვითონ საქართველოს მხრიდან ხდება იმის აღიარება, რომ ჩვენი სახელმწიფო იყო გარკვეულწილად მაპროვოცირებელი რუსული აგრესიის, ეს არის მთლიანი ნარატივის შეცვლა საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. და ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილს ადანაშაულებ თუ კონკრეტულ ინდივიდებს. სააკაშვილი იყო კონკრეტული სახელმწიფოს წარმომადგენელი და ეს სახელმწიფო არის საქართველო.
ძალიან შორს წასვლა სპეკულაციური იქნება, მაგრამ საერთაშორისო სამართალში არსებობს თვითგამორკვევისა და სეცესიის პრინციპები. ერთ-ერთი საფუძველი, რომლითაც ერს შეუძლია დამოუკიდებლობის მოთხოვნა, არის ის, თუ ეს ჯგუფი სახელმწიფოს მხრიდან მასიური რეპრესიებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლია. თუ შენ, როგორც სახელმწიფო, აღიარებ, რომ თავს დაესხი „მძინარე ცხინვალს“ და სამხედრო დანაშაულები ჩაიდინე, გარკვეულწილად, ეს შეიძლება არაღიარებული რესპუბლიკებისთვის გახდეს არგუმენტი, რომ მათ დამოუკიდებლობის მოპოვების ლეგიტიმური უფლება აქვთ და სხვა სახელმწიფოებმაც აღიარონ. ასე რომ, ეს პროცესი ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს არაღიარების კონტექსტში.
– „ქართულ ოცნებას“ მაგალითად მოჰყავს პრორუსული პარტიების აკრძალვა უკრაინასა და მოლდოვაში, ასევე ექსტრემისტული მოძრაობის აკრძალვა გერმანიაში. რა განსხვავებაა ამ პრეცედენტებსა და საქართველოს შემთხვევას შორის?
– ზოგადად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შესაძლებელია და ამის პრაქტიკა არსებობს, თუმცა ჩვენ კონკრეტულ სტანდარტებზე უნდა ვისაუბროთ. მაგალითად, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ ნეონაცისტურ პარტიასთან დაკავშირებულ საქმეში დაადგინა, რომ მიუხედავად მათი საქმიანობის არაკონსტიტუციური შინაარსისა, პარტია არ წარმოადგენდა იმ დონის რეალისტურ საფრთხეს, რომ მისი აკრძალვა გამართლებული ყოფილიყო. ეს აჩვენებს, რამდენად ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს განვითარებულ დემოკრატიებში.
ის, რომ რაღაც მოხდა უკრაინასა და მოლდოვაში, არ ნიშნავს, რომ ეს საერთაშორისო სტანდარტია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია დროის ფაქტორიც – 13 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ არის. 2012–14 წლებში რომ წამოეწიათ ეს საკითხი, შეიძლება სხვა არგუმენტები ყოფილიყო. არ ვამბობ, რომ იმ შემთხვევაში გამართლებული იქნებოდა, უბრალოდ მოცემულობა შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ როცა 13 წლის წინ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას კრძალავ, ეს კიდევ დამატებითი აბსურდია.








