ექვსი საზოგადოებრივი ჯგუფი ევროკომისრებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე მიმართავს.
ამ მიმართვაში საუბარია, რომ კანოპროექტი, რომელიც პარლამენტში იხილება, სუსტია აღსრულების ნაწილში და საკმარის მექანიზმებს არ მოიცავს. შრომის უსაფრთხოების ეფექტიანი მექანიზმების შექმნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაც არის გაწერილი.
ევროკომისრებთან გაგზავნილ წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები ოთხ ძირითად პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას:
“კანონის მოქმედების სფერო: კანონის პროექტის შემოთავაზებული ვერსიით, იგი არა ყველა, არამედ მხოლოდ „მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე და მავნე პირობებიანი სამუშაოებზე“ ვრცელდება, რაც „მომეტებული საფრთხის“ სტანდარტის შემოტანით დამატებით ავიწროებს კანონის მოქმედების სფეროს და არ მოიცავს ყველა მძიმე, საშიშ და საფრთხის შემცველ სამუშაოს. ამასთან, კანონპროექტი არ ვრცელება დასაქმების ყველა ადგილზე, რაც გაუმართლებელ შეზღუდვას გულისხმობს და შრომის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას ემყარება.
ინსპექტორის დაშვება სამუშაო ადგილებზე: კანონპროექტი, გამონაკლისის გარდა, არ ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების საზედამხედველო ორგანოს სამუშაო ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ზედამხედველობის განხორციელებისას უმეტესად (გამონაკლისია გეგმური კონტროლი) ვალდებულია ნებართვისათვის სასამართლოს მიმართოს, რაც დამატებით დროით რესურსს მოითხოვს და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შანსებს ამცირებს.
სანქცირების მექანიზმი: კანონპროექტი სანქციების სახით ჯარიმის მინიმალურ ოდენობებს განსაზღვრავს, რაც ვერ მიაღწევს კანონის მიზანს და ვერ უზრუნველყოფს დამსაქმებლის მოტივაციას, გამოასწოროს დარღვევა ჯარიმის გადახდის ნაცვლად.
რეფორმის აღსრულებისთვის აუცილებელი რესურსი: კანონის სათანადო აღსრულებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საზედამხედველო მექანიზმის გაძლიერება შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსით. თუმცა, კანონპროექტი ამგვარ საჭიროებაზე და ხედვაზე არ მიუთეთებს, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს რეფორმის რეალური აღსრულებადობის საკითხს.
გამოვთქვამთ იმედს, ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, რათა კანონპროექტის მიღება პასუხობდეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების პირობებს,”- ვკითხულობთ ორგანიზაციების განცხადებაში.
არასამთავრობოების განცხადებით, წერილი გაეგზავნათ: ევროკომისარ იოჰანეს ჰანს (გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში); ევროკომისარ მარიანა ტისენის (გენერალური დირექტორატი დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ინკლუზიის საკითხებში) და ევროკომისარ სესილია მალმსტრომს (გენერალური დირექტორატი ვაჭრობის საკითხებში)
მიმართვას ხელს აწერენ ორგანიზაციები: