ახალი ამბები

ქართულის მასწავლებლობიდან მხედრიონამდე – გუგეშაშვილის ბიოგრაფიის დეტალები

7 თებერვალი, 2018 • 18410
ქართულის მასწავლებლობიდან მხედრიონამდე – გუგეშაშვილის ბიოგრაფიის დეტალები

სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილს, რომელსაც დღეს საკუთარ სახლში შვილთან ერთად ესროლეს, თბილისის სამოქალაქო ომამდე სამხედრო სფეროსთან შეხება არ ჰქონია.

“მხედრიონამდე”

დოდო გუგეშაშვილის ოფიციალური სახელი დარეჯანია. ის 1958 წელს თბილისში დაიბადა. როგორც სხვადასხვა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ამბობს, ადრეულ წლებში მუსიკით იყო გატაცებული, დაამთავრა სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით, დადიოდა გასტროლებზეც. მოგვიანებით გუგეშაშვილმა პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა.

გუგეშაშვილი “მხედრიონში”

უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გუგეშაშვილმა გაიხსენა, რომ მასწავლებლობის შემდეგ იურისტობა გადაწყვიტა. როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისში თბილისის სამოქალაქო ომი დაიწყო, მან ხელში იარაღი აიღო და სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონს” შეუერთდა. იხსენებს, რომ იმ დროს მოხიბლული იყო “მხედრიონის” ლიდერის, ჯაბა იოსელიანის პიროვნებით.

“მხედრიონმა” მაშინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებაში. “მხედრიონელები” იბრძოდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც. ამ ომებში გუგეშაშვილი არაერთხელ დაიჭრა.

სამხედრო დაჯგუფების სამეგრელოში საქმიანობის შესახებ დასმულ კითხვას დოდო გუგეშაშვილმა ასე უპასუხა:

“მაშინ, როდესაც დასავლეთში ზვიადისტების შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ჩაბუდებული და ხოცავდნენ ადგილობრივ გამგებლებსა და ახალი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რამდენიმე ათასი ჯარისკაცი კონსტიტუციის აღსადგენად შევიდა იქ, მათ შორის იყო ოთხასი მხედრიონელი. სამწუხაროდ, ყველა დანაშაული მხედრიონს დაბრალდა. ბუნებაში არ არსებობს მდიდარი მხედრიონელი. სად წავიდა ის ფული და ოქრო? ამის შემდგომ, რა, დალაგებულია დასავლეთ საქართველოში კრიმინოგენული ვითარება? გაცილებით მეტი ამაზრზენი დანაშაული ხდება, ვიდრე სამოქალაქო ომის დროს მოხდა.”

“მხედრიონის” უკანონო და ძალადობრივ ქმედებებზე აქტიურად წერდა 1990-იანი წლების პრესა. მაგალითად, “ახალი 7 დღის” რედაქტორი ზვიად ქორიძე 2001 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში იხსენებს, თუ რა პრობლემებს უქმნიდა “მხედრიონი” გაზეთის რედაქციას იმის გამო, რომ ჟურნალისტები აქტიურად აშუქებდნენ მათ უკანონო ქმედებებს.

“მხედრიონი” 1995 წელს უკანონო სამხედრო ფორმირებად გამოცხადდა, მისი წევრები, მათ შორის, ლიდერი ჯაბა იოსელიანი, პრეზიდენტ შევარდნაძისთვის მოწყობილი ტერაქტის ბრალდებით დააკავეს. სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს მხედრიონის არაერთი წევრი, მათ შორის, დოდო გუგეშაშვილიც. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პრეზიდენტმა შევარდნაძემ “მხედრიონელები” 2002 წელს შეიწყალა. შეწყალებულთა შორის იყო დოდო გუგეშაშვილიც. “მხედრიონმა” პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნაც სცადა, თუმცა ამის უფლება სამართლებრივად არ მიეცა.

“მხედრიონის” შემდეგ

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დოდო გუგეშაშვილი ძირითადად ვეტერნათა საქმეების კუთხით ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. ყოფილ “მხედრიონელს”არაერთ საჯარო განცხადებაში უთქვამს, რომ ვეტერანთა პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული.

ის არის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია “პატრიოტის” დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ის ასევე ხელმძღვანელობს კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც “დაიცავი შენი წილი სამშობლო” ჰქვია. აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 2017 წელს ერთ ვეტერანს ეტლი აჩუქა.

დოდო გუგეშაშვილი ბოლო წლებში ხშირად ჩნდება სხვადასხვა სატელევიზიო შოუში.

2014 წელს უკრაინაში, დონბასში, ქართული ბატალიონის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მას შემდეგ უკრაინული მედიის მნიშვნელოვანი ყურადღება დაიმსახურა. გუგეშაშვილი მაშინ ამბობდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა.

დოდო გუგეშაშვილი თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი