ახალი ამბები

გუგეშაშვილებზე თავდასხმაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

20 ოქტომბერი, 2020 • 1486
გუგეშაშვილებზე თავდასხმაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სამხედრო დაჯგუფება „მხედრიონის“ ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილსა და მისი შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს 2018 წლის 7 თებერვალს თბილისში, საცხოვრებელ სახლში ესროლეს. გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე დაიღუპა, დოდო გუგეშაშვილი კი სამედიცინო ჩარევის შედეგად გადარჩა.

სამართალდამცავებმა ამ საქმეზე ბრალდებული პირი, ზაზა მურჯიკნელი, თითქმის ორი წლისთავზე, 2020 წლის იანვარში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 იანვარს მას პატიმრობა შეუფარდა აღკვეთის ღონისძიბის სახით. ის ბრალს არ აღიარებდა.

2020 წლის 20 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ამ საქმის არსებითი განხილვის შედეგად, ნაფიცმა მსაჯულთა სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მიიღო.

მურჯიკნელი დამნაშავედ ცნეს „დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში“.

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში შეუძლია განაჩენის გასაჩივრება.

გირჩევთ:

ქართულის მასწავლებლობიდან მხედრიონამდე – გუგეშაშვილის ბიოგრაფიის დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი