ახალი ამბებისამართალი

კილაძე ჩაბუქის ექსტრადიციაზე: იმედი მაქვს, სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

6 თებერვალი, 2018 • 1584
კილაძე ჩაბუქის ექსტრადიციაზე: იმედი მაქვს, სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დემირელის კოლეჯისა და პარტნიორი სკოლების ყოფილი მმართველის, მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმედი აქვს, სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მან ასევე განაცხადა, რომ აქვს საკუთარი შინაგანი რწმენა ამ საკითხზე, რაზეც არ საუბრობს, რათა სასამართლოზე ზეწოლად არ იყოს აღქმული.

“მე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი შინაგანი რწმენა ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, მაგრამ, როგორც იცით, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბატონ ჩაბუქთან მიმართებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, სასამართლო მიიღებს კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას.

არ მინდა, გარკვეული ზეწოლა გამომივიდეს სასამართლოზე, მიდის ეს პროცესი… შემთხვევით არ მითქვამს, რომ მაქვს ჩემი შინაგანი რწმენა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშრებით, მთავარია, ამ ადამაინის უფლებები იყოს დაცული – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც გვესმის, რომ ეს არის დიდი საერთაშორისო რეზონანსის მქონე საქმე და იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანი იქნება,”- განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს პროკურატურამ  საქალაქო სასამართლოს მიმართა მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებობაზე შუამდგომლობით. თურქეთი ჩაბუქს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში დებს ბრალს.

თავად ჩაბუქი, რომელიც ამჟამად საქართველოში წინასაექსტრადიციო პატიმრობაშ იმყოფება, ტერორიზმთან ყოველგვარ კავშირს უარყობს და ამბობს, რომ საქართველოში 17 წლის განმავლობაში მასწავლებლის საქმიანობას ეწეოდა და სურს, იგივე საქმიანობა გააგრძელოს. იგი შიშობს, რომ თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება და არ ექნება სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ჩაბუქმა ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვიის სტატუსის მინიჭებაზე მიმართა. მას ამ სტატუსზე უარი უთხრა როგორც სამინისტრომ, ასევე ორივე ინსტანციის სასამართლომ. დღეს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მოხდება თუ არა ჩაბუქის ექსტრადირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი