ახალი ამბები

“საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა” — კილაძე გაეროს კომიტეტში მის არჩევაზე

25 ნოემბერი, 2020 • 862
“საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა” — კილაძე გაეროს კომიტეტში მის არჩევაზე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ეხმაურება გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრად მის არჩევას და ამბობს, რომ ამით საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა.

კილაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარი დაუჭირა.

“გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ, დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და მისცა საქართველოს საშუალება, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში. ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ”, — წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

სოფიო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროში საქართველოს ელჩმა, კახა იმნაძემ გაავრცელა.

სოფიო კილაძის წარდგენას გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. NGO-ების ნაწილი აცხადებდა, რომ საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს რეკომენდაციების უგულებელყოფით შეარჩია.

ვრცლად წაიკითხეთ:

NGO-ები კილაძის წინააღმდეგ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი