ახალი ამბები

კილაძის თქმით, ბავშვის ქონების განკარგვის წესი ანაბარს არ ეხება

1 სექტემბერი, 2020 • 1450
კილაძის თქმით, ბავშვის ქონების განკარგვის წესი ანაბარს არ ეხება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ავტორი სოფო კილაძე აცხადებს, რომ ბავშვების ქონების განკარგვასთან დაწესებული რეგულაციები საბანკო დეპოზიტებზე არ ვრცელდება. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, ბანკები ჯერ გარკვეულიყვნენ კანონპროექტის არსში და მოქალაქეებისთვის ისე გაეგზავნათ შეტყობინება:

“კარგი იქნებოდა, ბანკები სანამ მოქალაქეებთან შეტყობინებებს დააგზავნიდნენ, ჩვენთან გაევლოთ კონსულტაცია. ჩვენ, სამწუხაროდ, არავინ დაგვკავშირებია. მქონდა კომუნიკაცია რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ბანკთან და მის ხელმძღვანეთან,ბატონ გვენეტაძესთან. ავუხსენით ჩვენი კანონმდებლის ნება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, კანონმდებლის ნება არ ყოფილა, ანაბარზე გავრცელებულიყო ეს რეგულაცია.”

კილაძის განმარტებით, დეპოზიტზე შეტანილი თანხა ბანკის საკუთრებაა, თუმცა მასზე მოთხოვნის უფლება ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ანაბარი ვერ ჩაითვლება მოძრავ ნივთში, რისი სარგებლობაც კანონმდებლობით დარეგულირდა.

“რამდენიმე დღის წინ მქონდა კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და ვთხოვე, რომ დაგვხმარებოდა ბანკებთან კომუნიკაციაში, რათა ქაოსი არ ყოფილიყო. ასევე გავუგზავნე ოფიციალური სამართლებრივი დასაბუთება, რატომ არ შეიძლება ანაბრის მოთხოვნის უფლება შეიძლება იყოს ნივთი. როდესაც ადამიანს თანხა შეაქვს სხვის სახელზე ანუ მესამე პირის სასარგებლოდ გახნილ ანაბარზე, რაშიც ბავშვიც იგულისხმება, პირდაპირ არის სამოქალაქო კოდექსში მითითებული, რომ იმ კუპიურებზე საკუთრება ბანკს აქვს. ანაბარი მოძრავ ნივთში რომც შედიოდეს, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, როდესაც ადამიანს ფული შეაქვს ანაბარზე, ეს ფული არის ბანკის საკუთრება, თუმცა მოთხოვნის უფლება აქვს [მოქალაქეს]. ეს, სამწუხაროდ, ბანკებმა ვერ განმარტეს”,-უთხრა ნეტგაზეთს სოფო კილაძემ.

მისი თქმით, მოძრავი ნივთი, მაგალითად, არის ავტომობილი და არა ანაბარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში პირველი სექტემბრიდან შემდეგი ცვლილებები შევიდა: ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის „მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“.

ამასთანავე, კანონი ამბობს, რომ კოდექსის 186-ე მუხლს 1​1  ნაწილი ემატება, რომლის შინაარსიც შემდეგნაირია:

„ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.“

ნეტგაზეთს 25 აგვისტოს საბანკო ასოციაციაში უთხრეს, რომ კანონი ასევე ეხება საბავშვო ანაბრებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი