ახალი ამბები

ჯონ ქერი: სირიაში 1 429 ადამიანი დაიღუპა

30 აგვისტო, 2013 • 1489
ჯონ ქერი: სირიაში 1 429 ადამიანი დაიღუპა

ჯონ ქერიმ აღნიშნა, რომ დაღუპულთაგან 426 ბავშვია, მან მომხდარს “წარმოუდგენელი საშინელება” უწოდა.

 

აქამდე, საქველმოქმედო სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებით, ცნობილი იყო, რომ 21 აგვისტოს, აღმოსავლეთ დამასკოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 355 ადამიანი იყო გარდაცვლილი, თუმცა, ჯონ ქერის მტკიცებით, არსებობს ფაქტები, რომელთა თანახმადაც დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. მისივე განცხადებით, ასადის რეჟიმი თავდასხმისთვის სამი დღით ადრე მოემზადა:

 

“ჩვენ ვიცით, რომ რაკეტები წამოვიდა მხოლოდ რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებიდან და დაეშვა მხოლოდ ოპოზიციის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა ჯონ ქერიმ.

 

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც გაეროს ინსპექტორებმა დამასკო დატოვეს, სირიაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. 

 

აშშ ინტერვენციას ითხოვს, რათა შეაჩეროს სირიის მთავრობის მხრიდან ქიმიური იარაღის კვლავ გამოყენება. თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აღნიშნულში მეამბოხე ძალებს ადანაშაულებს.

 

გაეროს დასკვნა ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი და ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში.

 

ჯონ ქერის განცხადებით, მომდევნო ნაბიჯების თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. 

photo: The New York Times
photo: The New York Times

 

მასალების გადაბეჭდვის წესი