ახალი ამბები

საია პოლიციის მიერ “ტაბულას” ჟურნალისტის შემოწმების ფაქტს ეხმიანება

27 აგვისტო, 2013 • 1004
საია პოლიციის მიერ “ტაბულას” ჟურნალისტის შემოწმების ფაქტს ეხმიანება

“არც ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, არც სხვა საკანონმდებლო აქტი არ ანიჭებს პოლიციელს იმის უფლებას, რომ აკრძალოს შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების, ან სხვა საპოლიციო უფლებამოსილების, მათ შორის, რეიდის, განხორციელების ვიდეოგადაღება. ის საპოლიციო უფლებამოსილებები, რაც პირდაპირ არ არის გაწერილი შესაბამის ნორმატიულ აქტში, აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით. შეჩერების, ზედაპირული შემოწმების და ვიდეოგადაღების აკრძალვა სწორედ ასეთი ქმედებაა. ასევე, უკანონო ქმედებაა პოლიციის მიერ ვიდეომასალის განადგურება”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ პოლიციის მიერ პირის გაჩერება და შემოწმება უნდა ხდებოდეს მხოლოდ დანაშაულის ჩადენაში გონივრული ეჭვის საფუძველზე:

 

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე არ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო ის გარემოება, ფაქტი ან მათი ერთობლიობა, რამაც პოლიციელი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ჟურნალისტმა, გიორგი სიხარულიძემ ან უკვე ჩაიდინა, ან მომავალში შესაძლოა ჩაედინა დანაშაული, ან ის საფრთხეს უქმნიდა პოლიციას. ამგვარი განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროს არც სხვა  პირებთან მიმართებაში გაუკეთებია. ამ დრომდე შსს-მ მხოლოდ ის განაცხდა, რომ ჟურნალისტის მიმართ კანონდარღვევის ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, მსგავსი დასკვნების გაკეთებამდე, როგორც მინიმუმ, სასურველი ქნება, თუ სამართადამცავი ორგანოები დაკითხავენ იმ პირს, ვინც მის მიმართ სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების შესახებ საუბრობს. სხვა შემთხვევაში, გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდება.


მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინსტროს, მშრალი განცხადებების გაკეთების ნაცვლად, დეტალურად გასცეს პასუხი შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, განხორციელდა თუ არა საპოლიციო ღონისძიებები გიორგი სიხარულიძის მიმართ. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პოლიციის შესახებ კანონით გათვალისწინებული რა სახის ღონისძიებები იქნა მის მიმართ გამოყენებული და რა ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე მოხდა ამ ღონისძიების გამოყენება. როგორც აღინიშნა, ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ინფორმაცია პოლიციელის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიება უნდა აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ. ეს არის საქართველოს კანონმდებლობის ცალსახა მოთხოვნა და მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაინტერესდეს ზემოაღნიშნული ინფორმაციით”, – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.


24 აგვისტოს ტელეკომპანია “ტაბულამ” საკუთარ ვებ–გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქეების შემოწმების გადაღების დროს, ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტი გიორგი სიხარულიძე პოლიციის 5-მდე თანამშრომელმა მანქანიდან ჩამოსვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გადაღებული მასალა მობილური ტელეფონიდან წაუშალა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა  “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტთან დაკავშირებით კანონდარღვევა არ დადასტურდა. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “ტაბულას” ჟურნასლისტს, გიორგი სიხარულიძეს. მისი განცხადებით, საგამოძიებო სტრუქტურას ის არ დაუკითხავს.

 

 


     

მასალების გადაბეჭდვის წესი