“ჩვენ, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მადლიერი აუდიტორია, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ ქართულ რედაქციასთან დაკავშირებით გაჟონილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოგმართავთ, რომ დაუყოვნებლივ გატარდეს საქართველოშჲ არსებული გამოწვევების ადეკვატური პოლიტიკა, რაც უნდა გამორიცხავდეს რედაქციის დასუსტებას და დესტაბილიზებას”, – ნათქვამია პეტიციაში, რომელიც 25 იანვარს შეიქმნა რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის მხარდასაჭერად .
გთავაზობთ პეტიციის სრულ ტექსტს. თუკი ხელმოწერა გსურთ, გადადით აქ:
“ქართული საზოგადოება და პოლიტიკა უკანასკნელ წლებში განსაკუთრებულად პოლარიზებულ მედიაგარემოში არსებობს. მრავალი წლებია, რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია თანმიმდევრულად არის პროფესიული და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის ორიენტირი როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის, ისე მისი ძველი მსმენელებისა და ახალი მედია-პროდუქტების – სატელევიზიო გადაცემების, პოდკასტების, ვებ-პლატფორმის – მომხმარებლებისთვის. რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია მსმენელებს და მოგვიანებით, მრავალრიცხოვან მაყურებელსაც თანმიმდევრულად აძლევდა შესაძლებლობას, დროულად გასცნობოდნენ როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურ პროცესებს.
ეს მედიასაშუალება ნდობით სარგებლობს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მის კონფლიქტის რეგიონებსაც მოიცავს. რადიოს ქართული რედაქცია 1953 წლიდან მაუწყებლობს და ყოველთვის იყო ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელოვანი სიმბოლო რკინის ფარდის გამოღმა. მისი გავლენა საგრძნობლად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 1990-იანი წლების ბოლოს საქართველოშიც გაიხსნა თბილისის ბიურო. რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს 2005 წლიდან დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობს.
საქართველოსთვის პოლიტიკურად განსაკუთრებულ კრიზისულ სიტუაციებში, როცა მედიაგარემოსა და აქ მომუშავე უამრავი ჟურნალისტისთვის გაუსაძლისი პროფესიული პირობები შეიქმნა, რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს და იყო დემოკრატიაზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე ორიენტირებული მოქალაქეების მოკავშირე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას ამჟამად პრობლემები ექმნება სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის და საქართველოში სატელევიზიო პარტნიორების შერჩევის თვალსაზრისით.
თანამედროვე მსოფლიოში დღევანდელ დღეს მიმდინარე ჰიბრიდული მედია-პროპაგანდის პირობებში საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია აქ არსებული ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალი მედია-სტანდარტებით მომუშავე პრესის, ვებ-პლატფორმების, ტელევიზიისა და რადიოს ამარა. ამავე დროს, სულ უფრო ხილული ხდება რუსული პოლიტიკის ე.წ. რბილი ძალის გავლენაც, რომელსაც ასაზრდოებს ბოლო წლებში განსაკუთრებით მომრავლებული პროპაგანდისტული და ანტიდასავლური მედია-ორგანიზაციები. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით სახიფათოა ქართული რედაქციის გამოცდილი და უაღრესად პრინციპული ხელმძღვანელობის დასუსტება.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახური არის მნიშვნელოვანი თავისი მიუკერძოებლობითა და პროფესიონალიზმით. სწორედ ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს ამ რადიოს გავლენას, რომელიც მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება.
ჩვენ, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მადლიერი აუდიტორია, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ ქართულ რედაქციასთან დაკავშირებით გაჟონილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოგმართავთ, რომ დაუყოვნებლივ გატარდეს საქართველოშჲ არსებული გამოწვევების ადეკვატური პოლიტიკა, რაც უნდა გამორიცხავდეს რედაქციის დასუსტებას და დესტაბილიზებას.