ახალი ამბები

აშშ-ის სასამართლომ დროებით შეაჩერა „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება

26 მარტი, 2025 •
აშშ-ის სასამართლომ დროებით შეაჩერა „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.

ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თაობაზე, თუმცა ცალკე აღარ განუხილავს 1-14 მარტის პერიოდისთვის გათვალისწინებული $7,46 მილიონის გამოყოფის საკითხი, რამეთუ მოპასუხე მხარემ თქვა, რომ უკვე დაიწყო ამ თანხის გადახდა.

სასამართლოს შეფასებით, USAGM-ის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა „თვითნებური და დაუსაბუთებელი“ იყო და, სავარაუდოდ, არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას.

„კონგრესს დადგენილი აქვს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას“ და „ინფორმაციისა და იდეების ღია მიმოცვლა მსოფლიოს ხალხებს შორის ხელს უწყობს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას“. რადიო თავისუფლება ათწლეულებია ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც კონგრესის მიერ კანონით განსაზღვრულ ამ პოლიტიკას ახორციელებს. USAGM-ის ხელმძღვანელობას არ შეუძლია, ერთი წინადადებით — რაც პრაქტიკულად ახსნა-განმარტებას არ მოიცავს — აიძულოს „რადიო თავისუფლება“ დახუროს მაშინაც კი, თუკი ეს ასე უთხრა პრეზიდენტმა“, — ნათქვამია კოლუმბიის ოლქის მოსამართლე როის ლამბერთის განჩინებაში.

„რადიო თავისუფლება“ ხაზს უსვამს, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, საბოლოოდ დააკმაყოფილებს თუ არა „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნას, სრულად გადასცეს კონგრესის მიერ გამოყოფილი 77 მილიონი დოლარი, რაც 30 სექტემბრამდე არის გათვალისწინებული.

14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება მთავრობის მიერ დაფინანსებული 7 ფედერალური სააგენტოს შემცირების შესახებ. მათ შორისაა USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას“, ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ტრამპის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ USAGM-მა გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ „რადიო თავისუფლებას“ აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი უწყდება.

რადიო თავისუფლება აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივის

მასალების გადაბეჭდვის წესი