15 განსხვავებული იმერული ყველის სახეობიდან 12-ში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების – კოლიგორმების და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ამის შესახებ დღეს, 15 იანვარს “MIC-TNS”-ის კვლევის პრეზენტაციაზე ითქვა.
კვლევის დამკვეთი საქართველოს რძის პროდუქტის მწარმოებელთა ასოციაცია “საქრძეა”, ხოლო კვლევის მხარდამჭერი პროექტი “MOLI კახეთშია”, რომელიც შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა 93% იმერულ ყველს მოიხმარს, რის გამოც მკვლევრებმა 15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზი ჩაატარეს. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული, ხოლო 8-ში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა, რომელიც გადამუშავების პროცესში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
“ყველის ნიმუშები ავიღეთ 15 სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან: 9 – ბაზრებიდან, სამი ნიმუში – ე.წ. უბნის მაღაზიებისგან, სუპერმარკეტების ქსელიდან, ხოლო 3 ნიმუში- ჰიპერმარკეტებიდან. 15 ნიმუშიდან 9 ნიმუშში აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, 7-ში – სტაფილოკეკები, ხოლო 8-ში – მცენარეული ცხიმი” – განმარტა მკვლევარმა სალომე ქაჯაიამ.
თუმცა კითხვაზე, თუ რომელი მწარმოებლის ყველში აღმოჩნდა აღნიშნული ბაქტერიები, ქაჯაიამ არ უპასუხა. მწარმოებლების დასახელებისგან თავი შეიკავა რძის ასოციაციის დირექტორმა, კახაბერ კონიაშვილმაც. მისი თქმით, უმეტესობა შემოწმებული ყველისა არაბრენდირებული იყო, ხოლო იმ ერთ ბრენდირებულ მწარმოებელს, რომლის ნაწარმშიც მიკრობაქტერიები აღმოჩნდა, უკვე გადაეგზავნა შესაბამისი გაფრთხილება.
როგორც მკვლევარმა, სალომე ქაჯაიამ პრეზენტაციისას აღნიშნა, ბაზრებიდან აღებული 9 ნიმუშიდან 4-ში კოლიფორმული ბაქტერიები, სტაფილოკოკები აღმოჩნდა, ხოლო 7-ში – მცენარეული ცხიმი.
რაც შეეხება ჰიპერმარკეტებს, აქ აღებული 3 ნიმუშიდან 2-ში კოლიფორმული ბაქტერიებია, ხოლო 1-ში- სტაფილოკოკი. სიტუაცია განსხვავდება ქსელურ სუპერმარკეტებში, აქ 3 ნიმუშიდან სამივეში ფიქსირდება კოლიფორმული ბაქტერიების არსებობსა, ხოლო 1-ში -სტაფილოკოკის ბაქტერია.
აღნიშნული ბაქტერიებით გამოწვეულ დაავადებებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა მიკრობიოლოგმა, ირმა ანთიამ. მისი თქმით, ყველში ნაპოვნი ბაქტერიები სხვადასხვა პათოლოგიურ დაავადებებს იწვევს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის იმუნური სისტემა სუსტია, ზიანი შეიძლება სერიოზული იყოს.
“კვლევით დადასტურდა ორი სახეობის პათოგენური მიკროორგანიზმი, ეს არის ენტერობაქტერიები და სტაფილოკოკები, რომლებიც სხვადასხვა პათოოლოგიურ დაავადებებს იწვევენ. ეს ბაქტერიები ხასიათთდება დაავადების გამოწვევის მაღალი უნარით და იქიდან გამომდინარე, თუ როგორია მომხმარებლის იმუნური სისტემა, ძალიან სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს ზიანი. ბაქტერიების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ არ არის დაცული არა მხოლოდ ჰიგიენური ნორმები, არამედ მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასც. ყველმა ეს მიკროორგანიზმები შეიძლება მიიღოს უკვე სარეალიზაციო უბნებიდან. თუნდაც მაღაზიიდან, დახლიდან.
ენტერობაქტერიის მიღების შედეგად, ყველაზე საყურადღებო არის დიარეა. ეს არის მნიშვნელოვანი დაავადება, პროცესი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოვნება და მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანოს ადამიანი. რაც შეეხება სტაფილოკოკს, იქიდან გამომიდნარე, რომელი გზით შეიჭრება ორგანიზმში, შეიძლება გამოიწვიოს მენინგიტი, გულის მიოკარდიტი, სხვადასხვა დაავადება… ანთებითი პროცესები პირის ღრუში, რომელიც რთულად სამკურნალოა” – განაცხადა ირმა ანთიამ.
მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაცია, რომლითაც ამ ბაქტერიების თავიდან აცილება შეიძლება – ჰიგიენური ნორმების დაცვაა.
რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, როგორც პროექტის “MOLI კახეთში” წარმომადგენელი, ელენე ტყლაშაძე აღნიშნვს, ბაზარზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ რიგი მწარმოებლები საწარმოს არ არეგისტრირებენ, რათა მათი ნაწარმი სახელმწიფომ არ შეამოწმოს.
“კიდევ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს არ არის გლეხის მიერ დამზადებული ყველი. აქ საუბარია ისეთ დაურეგისტრირებელ საწარმოებზე, რომლებიც ასობით ლიტრ რძეს ამუშავებენ და, შესაბამისად, ვერ იცავენ გარკვეულ სტანდარტებსა თუ ჰიგიენის ნორმებს. საქართველოს კანონმდებლობით გლეხებს პროდუქტს 2020 წლამდე არ უმოწმებენ, შესაბამისად, ასეთი საწარმოები თავს გლეხებად ასაღებენ და არ რეგისტრირდებიან” – განაცხადა მან.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, “საქრძე” აქტიურ მუშაობას დაიწყებს, რათა გაზარდოს მომხმარებელთა ცნობიერება და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ხარისხიანი ყველის წარმოებას.