ახალი ამბები

პირი, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაუვრცელეს, ახალ დეტალებს ასაჯაროებს

13 აგვისტო, 2013 • • 2142
პირი, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაუვრცელეს, ახალ დეტალებს ასაჯაროებს

როგორც მან დღეს, 13 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცოტა ხნის წინ მოიპოვა აუდიოჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ზემოხსენებული ვიდემოასალის გავრცელების საქმეში ასავალ–დასავალის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი და ნუგზარ ფოფხაძე მონაწილეობდნენ. მისი თქმით, აღნიშნული ფარული საუბარი მას შემდეგ არის ჩაწერილი, რაც მან გაზეთ “ქრონიკას” ინტერვიუ მისცა და იმპორტირებული კვერცხის ბიზნესთან დაკავშირებით გია ხუხაშვილის, ლაშა ნაცვლიშვილის და გელა ხვედელიძის ინტერესები ამხილა.

 

გ.ფ. ფიქრობს, რომ ხუხაშვილმა, ნაცვლიშვილმა და ხვედელიძემ, ფოფხაძის და მამაცაშვილის დახმარებით, მისი დასჯა ამ ფორმით, ფალსიფიცირებული ვიდეომასალის გავრცელებით გადაწყვიტეს. გ.ფ.–ს ინფორმაციით, ნაცვლიშვილი, ხვედელიძე და ხუხაშვილი საქართველოში იმპორტირებული კვერცხის ბიზნესს ლობირებდნენ, რომელთა დიდ ნაწილს დავით კირვალიძის მინისტრობის დროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბლოკავდა:

 

“საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ სულ ორი ადამიანი ვიყავით, მე და ლაშა ამირეჯიბი [ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი, სახალხო კრების წევრი], რომლებიც სხვადასხვა გაზეთებს ინტერვიუებს ვაძლევდით იმის შესახებ, თუ ვინ ლობირებს იმპორტულ უვარგის პროდუქციას საქართველოში. ჩვენ ვამხელდით 3 ადამიანს, ეს იყო: ლაშა ნაცვლიშვილი, გია ხუხაშვილი და გელა ხვედელიძე. ამის შემდეგ, აპრილის შუა რიცხვებში, დაახლოებით 10–15 აპრილს, მოხდა შეხვედრა ნუგზარ ფოფხაძის სახლში. საინტერსოა, რა შუაშია ეს პიროვნება ამ საქმესთან. მოკლედ, მის სახლში მოხდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ გელა ხვედელიძე, გიორგი მამაცაშვილი და ლაშა ამირეჯიბი. ფოფხაძე, ხვედელიძე და მამაცაშვილი წარმოადგენდნენ მხარეს, სწორედ მათ დაიბარეს ლაშა ამირეჯიბი ამ შეხვედრაზე და იყო საუბარი სხვადასხვა თემაზე, მაგრამ განსაკუთრებით ორ საკითხზე. პირველი, გელა ხვედელიძე აპრილის შუა რიცხვებში აანონსებს, რომ მან უნდა დაიჭიროს სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნები იმ დღეებში და მიზეზად იშველიებს იმას, რომ სასოფლო ვაუჩერები არასწორად რიგდება, 300–ლარიან ვაუჩერებს არიგებენ 200 ლარად. საინტერესო რა არის აქ, სოფლის მეურნეობის სამინისროს პრეროგატივა არ იყო ვაუჩერების დარიგება. ვაუჩერების დარიგება მუნიციპალიტეტების პრეროგატივა იყო. ამის პარალელურად მიდის საუბარი ჩემზე. გიორგი მამაცაშვილი საუბრობს, რომ მას ასავალ–დასავალიდან ჩემზე წამოღებული აქვს კადრები, რომელიც ასავალ–დასვალს 2011 წელს შემოუგდეს ნაციონალებმა. მამაცაშვილი ამბობს, რომ მე უნდა დამსაჯოს. ნუგზარ ფოფხაძე ეუბნება ამირეჯიბს: “მომისმინე, მე გითხარი, ეს არ უნდა გამოქვეყნებულიყო. მაშინაც გითხარი და ახლაც გეუბნები. გულისხმობს ჩემს ინტერვიუს ხვედელიძეზე, ხუხაშვილზე და ნაცვლიშვილზე”, – განაცხადა გ.ფ.-მ და არ დაასახელა წყარო, თუ საიდან ჩაუვარდა მას ხელში ზემოხსენებული შეხვედრის ფარული აუდიოჩანაწერი.

 

“გუშინ ვიყავი მე დაკითხვაზე. მთლიანი აუდიოჩანაწერი უკვე შევიტანე პროკურატურაში. გამოძებამ, როგორც იქნა, დაზარალებულად მაღიარა. მე მინდა მოვუწოდო არჩილ კბილაშვილს და თეა წულუკიანს, რომ ეს საქმე კარგად იქნას გამოძიებული და გამოვლინდნენ რეალური დამნაშავეები. ისინი სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. რა იყო ამ ადამიანების მიზანი? უნდოდათ, რომ ტკიბილი სიტყვით ლაშა ამირეჯიბი გაეჩერებინათ, მას უთხრეს, რომ ჩემზე ჰქონდათ ეს ჩანაწერი და ჩემს გაჩერებას ამით აპირებდნენ. 1 მაისს დააკავეს სოფლის მეურნეობის საქმის მაღალჩინოსნები და 3 მაისს გამოაქვეყნეს ეს სიბინძურე ჩემს წინააღმდეგ”.

ზემოხსენებული ვიდეომასალის გავრცელების საქმეზე ამ დროისთვის პასუხისგებაში მხოლოდ ერთი პირი, გელა ხვედელიძეა მიცემული, რომელიც დანაშაულს აღიარებს. ხვედელიძე გირაოს სანაცვლოდ არის გათავიუსლფებული. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ხვედელიძე მარტო მოქმედებდა:

“გელა ხვედელიძემ აღიარა, ხომ, ეს დანაშაული. მე ვამბობ, რომ სხვადასხვა დოზით არიან ჩართული ნაცვლიშვილი და ხუხაშვილი, მე მათზე კონკრეტული ფაქტები არ მაქვს, კონკრეტული ფაქტები მაქვს გიორგი მამაცაშვილზე, გელა ხვედელიძეზე და ნუგზარ ფოფხაძეზე, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს ეს კადრებიო. გამოსაკვლევია, საიდან აქვთ ხელში? ასავალ–დასავალის ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ  გააკეთა კომენტარი, რომ ასავალ–დასავალში ასეთი კადრები არ ყოფილაო”, – აღნიშნა გ.ფ.–მ.

“ნეტგაზეთმა” ნუგზარ ფოფხაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა, ხოლო გიორგი მამაცაშვილმა გ.ფ.-ს ბრალდებას ბოდვა უწოდა:

“სადაც ვიღაცა გამოვა და რაღაც სულელურ ბოდვას იტყვის, კომენტარები ვაკეთო? ცოტა არასერიოზული მეჩვენება. ვიღაცების ბოდვაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა მან და თქვა, რომ ამ საკითხზე კომენტარები უკვე გამოქვეყნებული აქვს ვებგვერდზე რეპორტიორი.გე და ფეისბუკის პირად გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი