ახალი ამბები

“სოლიდარობა პანკისს” -დღეს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

11 იანვარი, 2018 • 2421
“სოლიდარობა პანკისს” -დღეს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

დღეს კანცელარიასთან გაიმართება სოლიდარობის აქცია, სახელწოდებით “ სოლიდარობა პანკისს: პანკისი არ არის შორს”. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი სახელმწიფოსგან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ეფექტურ გამოძიებასა და მომხდარის გამო სუსისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.

გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ ვიდეომასალის გავრცელებით , სადაც, უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი აღბეჭდილია იმ პირებთან ერთად, რომლებიც არიან ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები, სახელმწიფო მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიზუალური მასალა, ასევე ოჯახის წევრების ახსნა-განმარტებები აჩენს ეჭვებს, რომ სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილს მის ბნელ ოთახში შეჭრისთანავე მყისიერად, გაფრთხილების გარეშე ლოგინშივე ესროლა. პრობლემურია დაჭრილისთვის დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხიც. მაშინ, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს ჯერ ბრალდებულის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული, ვიდეომასალის გავრცელებით სახელმწიფო საჯაროდ ცდილობს მისი ბრალეულობის მტკიცებასა და დისკრედიტაციას”- ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

მათივე თქმით, პანკისის ხეობაში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის დაძლევისთვის, სისტემური ცვლილებების ნაცვლად, სახელმწიფო მხოლოდ რეპრესიულ და სადამსჯელო ინსტრუმენტებს იყენებს. 

პანკისის საგანგებო სივრცედ წარმოჩინება, სახელმწიფოს „ლეგიტიმური“ ძალადობისა და კონტროლის დამყარებისა და ამით საკუთარი ძალაუფლების განტკიცების შესაძლებლობას აძლევს. პანკისის ხეობაში მხოლოდ სპეცოპერაციისა და კონტროლის სტრატეგიით მოქმედი სახელმწიფო ადგილობრივი მოსახლეობის გარიყულობას აძლიერებს და ართულებს სოციალური სამართლიანობისა და სტაბილურობის მიღწევას”

აქციის წევრების მოთხოვნებია :

[checklist]

  • სახელმწიფომ უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე!
  • სახელმწიფომ შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება!
  • ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, მასზე საპარლამენტო და საჯარო კონტროლის გაძლიერება და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება!
  • სახელმწიფომ შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება!

[/checklist]

აქციის ორგანიზატორები არიან  ადამიანის უფლებების სწავლებიდა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ; ადამიანის უფლებათა ცენტრი ;  თეთრი ხმაურის მოძრაობა და აუდიტორია 115.

თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისში დღეს, 11 იანვარს დაკრძალავენ.

მოვლენთა ქრონოლოგია

  • 10 იანვარი: პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილი დილით გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.
  • მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მუდივად ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში და შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი