ახალი ამბები

მიქელაძე: ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა მაჩალიკაშვილის მიმართ

10 იანვარი, 2018 • 5170
მიქელაძე: ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა მაჩალიკაშვილის მიმართ

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ცენტრი ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის და მისი ოჯახის უფლებები იქნას დაცული. EMC აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს:

“პირველ რიგში მინდა მწუხარება გავიზიარო მაჩალიკაშვილის ოჯახის და სოლიდარობა გამოვუცხადო როგორც მათ ოჯახს, ასევე სრულიად პანკისის ხეობას, რომლისთვისაც ეს არის დიდი ტრაგედია, როგორც ადამიანური, ასევე პოლიტიკური. დღეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ. ცხადია, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივი დაცვის მექანიზმს და საშუალებას იმისთვის, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იყოს დაცული”,- განაცხადა მიქელაძემ ჟურნალლისტებთან საუბრისას. 

დღეს, 10 ინვარს საავადმყოფოში თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. იგი 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს.  EMC მაჩალიკაშვილის ინტერესებს სწორედ დაჭრის ეპიზოდში იცავს:

“ამ საქმეში პრობლემურია როგორც სროლის პროპორციულობის და აუცილებლობის საკითხი, ასევე პრობლემურია დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხი, უშუალოდ დაჭრის ეპიზოდში და მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში მისთვის აღმოჩენილი დახმარების ადეკვატურობის პრობლემა. […] ძალიან ბევრი გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო არააუცილებელი, არაპროპორციული ძალის გამოყენება, რომელიც ცხადია, ნიშნავს სიცოცხლის ხელყოფას, სახელმწიფოს მხრიდან ნეგატიურად. სიცოცხლის უფლების დარღვევას”- ამბობს მიქელაძე.

მისივე თქმით, საქმის პოლიტიკური შინაარსის გამო, ადგილობრივ დონეზე საქმის ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების მოლოდინი ნაკლებად აქვთ:

“ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით დეტალურად და, ცხადია, საბოლოო სწორება იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს ამ საქმეზე, ჩვენ გვაქვს სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ორგანო და ინსტიტუტი ამ საქმის შეფასებისას. სასამართლო, ცხადია, ადგილობრივ დონეზე გამოძიების ეფექტურობასაც შეაფასებს, უშუალოდ ძალის გამოყენების სტანდარტების დარღვევასთან ერთად.”,- ამბობს მიქელაძე.

მოვლენების ქრონოლოგია: 

  • 10 იანვარი: პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილი დილით გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.
  • მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მუდივად ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში და შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი