ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ასლან აბაშიძეს დააკავებენ

12 აგვისტო, 2013 • • 1931
პროკურატურის ცნობით, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ასლან აბაშიძეს დააკავებენ

“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ასლან აბაშიძე არის წითელი ცირკულარით ძებნილი და წითელი ცირკულარით ძებნილები ექვემდებარებიან დაკავებას. ამ მოცემულობით, რაც არსებობს, თუ ჩამოვა დააპატიმრებენ”, – განაცხადა პაიჭაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

 განცხადება იმის შესახებ, რომ ასლან აბაშიძე საქართველოში დაბრუნებას გეგმავს, მისმა ვაჟმა, ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი აბაშიძემ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. გიორგი აბაშიძე, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა, ამბობს, რომ მოსკოვიდან საქართველოში ჯერ ის დაბრუნდება, ხოლო შემდგომ “მამაც ჩამოვა”. გიორგი აბაშიძემ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მისი საქართველოში წამოყვანა ილია მეორეს სურდა და მან თავისი სურვილის შესახებ ასლან აბაშიძესთან მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს ისაუბრა. “ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, თუ რა საუბარი შედგა პატრიარქსა და ასლან აბაშიძეს შორის მოსკოვში, თუმცა ილია მეორის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას არც ის ფლობს. 

 

2007 წლის 22 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს – ასლან აბაშიძეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, აბაშიძეს, სასამართლომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ, 98.229.530 ლარის გადახდა დააკისრა. სისხლის სამართლის საქმე ასლან აბაშიძის მიმართ აღიძრა 2004 წლის 15 მაისს და 2005 წლის 15 ნოემბერს იგი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭანიეთში, ჩოლოქის გამშვებ პუნქტზე, ხიდის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილება აბაშიძემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.

ასლან აბაშიძეს ასევე ბარლი აქვს წაყენებული მისი მოადგილის – ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებითაც.  გარდა ამისა, მას ბრალი ედება 1990–იანი წლების დასაწყისში დანაშაულებრივი მიზნებისთვის უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ხელმძღვანელობაში და ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში, დასასვენებელი სახლის “ოაზისის” მიმდებრე ტერიტორიაზე ზღვის სანაპირო ზოლის დანაღმვის, ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდების აფეთქების საქმეებზე. ყველა ეს  გაერთიანებულია ერთ წარმოებად და აღნიშნულ საქმეებზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასამართლო განხილვები ჯერ კიდევ გრძელდება. ასლან აბაშიძეს ადვოკატი ლევან სამუშიაა, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია.

“ეს საქმე არ დასრულებულა ჯერ. შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ასლანის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება აბსურდულია… ბრალდება პროცესზე ვერც ერთი მტკიცებულებით ვერაფერს ვერ ამტკიცებს. არაერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა და ერთი მოწმეც ვერ მოიყვანეს”, – ამბობს იგი.

ასლან აბაშიძემ, რომელსაც საქართველოში ქონების ნაწილი ჩამოერთვა, ბათუმი ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვა.

 

ასლან აბაშიძე
ასლან აბაშიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი