ახალი ამბები

კირილეს მილოცვა: რუსეთის პატრიარქმა ილია მეორე სრული ტიტულით კვლავ არ მოიხსენია

5 იანვარი, 2018 • 6480
კირილეს მილოცვა: რუსეთის პატრიარქმა ილია მეორე სრული ტიტულით კვლავ არ მოიხსენია

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ილია II-ს დაბადების დღე მიულოცა. შესაბამისი ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

“…ზრუნავთ რა საქართველოს ეკლესიის იერარქების, სამღვდელოებისა და მრევლის სულიერად ამაღლებაზე, სიყვარულით მოუწოდებთ მათ, იზრუნონ საერთო საჭიროებაზე(ლკ 10:42), იცხოვრონ სუფთად და წმინდად. თქვენი გულმოდგინე საქმიანობით დიდი ავტორიტეტი მოიპოვეთ მართლმადიდებლურ სამყაროში და ბრძანდებით ადგილობრივი ეკლესიის უხუცესი წინამძღოლი”, – აღნიშნულია მიმართვაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათალიკოს პატრიარქისადმი.

რუსეთის პატრიარქს ილია მეორე სრული ტიტულით, აღსაყდრებიდან 40 წლისთავის მსგავსად, არც ახლა მოუხსენიებია. ორივე შემთხვევაში კირილემ მას ასე მიმართა: “მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს”.

ილია მეორის სრული ტიტული ასეთია: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.

რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე ცხუმ-აფხაზეთის ხელმძღვანელად მიტროპოლიტი დანიელია მითითებული. ილია მეორის ტიტულს ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის ეპარქია 2010 წლიდან დაემატა.

დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს 85 წელი შეუსრულდა.  იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში “ძველი აღთქმის” სრული აკადემიური გამოცემისა და “მცხეთური ბიბლიის” ახალი რედაქციის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი. აღსანიშნავია, რომ “ბიბლია – საღმრთო წიგნების კრებული”პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით გამოიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი