“2008 წლის აგვისტოში რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დღესაც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება, ამიტომაც არის ის ოკუპანტი, მეტიც- ის ახორციელებს მცოცავ ანექსიას. გვახსოვს მავთულხლართების ტრაგიკული ისტორია, როდესაც ისედაც შუაზე გაყოფილი სახლები და ქართული ტერიტორიები კიდევ ერთხელ მოხვდა მეორე მხარეს. ეს არის მოცემულობა და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთი სახელმწიფოს, მით უმეტეს, რუსეთის მმართველი რგოლების შეფასებითი მსჯელობა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტებმა იუსტიციის მინისტრს კითხვა დაუსვეს მედვედევის იმ განცხადებაზეც, რომელშიც მან საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთოებების აღდგენის წინაპირობა დაასახელა: “მე შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციას არ გაუწყვეტია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ მის აღსადგენად გარკვეული პირობების შემთხვევაში. ეს მარტივია – აღიარება იმ ფაქტის, რაც მოხდა”, – განაცხადა მედვედევმა.
“ისტორია ადასტურებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, როგორც წესი, აღდგება ხოლმე ყველანაირი წინაპირობის გარეშე, სწორედ იმიტომაც, რომ სალაპარაკო მაგიდა გაიხსნას. თუკი სალაპარაკო მაგიდა ვერ გაიხსნება, ისე ჩვენ ვერც ერთ თემაზე, მათ შორის, ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვერ ვისაუბრებთ საფუძვლიანად, ამიტომ დიპოლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს ყოველგვარი წინაპირობების, დათქმების და, ასე ვთქვათ, სანაცვლო დაპირებების გარეშე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
