ახალი ამბები

საია პრეზიდენტის მიერ გუნავასთვის ნასამართლეობის მოხსნას უკანონოს უწოდებს

31 ივლისი, 2013 • • 1756
საია პრეზიდენტის მიერ გუნავასთვის ნასამართლეობის მოხსნას უკანონოს უწოდებს

თენგიზ გუნავა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სასამართლომ 4–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, პრეზიდენტმა შეიწყალა 30 ივლისს, გარდა ამისა, მას მოუხსნა ნასამართლეობა.

 

საია–ს განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლი 78) იცნობს 2 სახის შეწყალებას: 1) შეწყალება სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების, შემცირების ან შეცვლის შესახებ (მხ. 78.2.); 2) შეწყალება ნასამართლობის მოხსნის შესახებ; სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა”. როგორც ნორმაში არაორაზროვნად არის მითითებული შეწყალების აქტით ნასამართლობა შეიძლება მოეხსნას სასჯელმოხდილს.

 

“მოცემულ შემთხვევაში, პრეზიდენტის აქტის გამოცემის მომენტში თენგიზ გუნავა არ იყო სასჯელმოხდილი და, 

თენგიზ გუნავა
თენგიზ გუნავა

შესაბამისად, მისთვის ნასამართლეობის მოხსნის შესაძლებლობას სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ამ შესაძლებლობას არც ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ” პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულება ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ეს ბრძანებულება ერთმანეთისგან მიჯნავს მსჯავრდებულის შეწყალებას და სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნას. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა ერთმანეთისგან  განასხვავებს ,,მსაჯავრდებულსა” და ,,სასჯელმოხდილ” პირს. როგორც აღინიშნა, შეწყალება, ნასამართლობის მოხსნის ფორმით, შეიძლება განხორციელდეს სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რაც, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ნასამართლეობის მოხსნა დასაშვებია იმ მსჯავრდებულთა მიმართაც, ვისაც სასჯელი არ მოუხდია. მსგავსი რამ საქართველოს კანონმდებლობაში, უბრალოდ, არ წერია.

 

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება არის მსჯავრდებულის შეწყალება და არა სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლეობის მოხსნა. ნასამართლეობის მოხსნას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა, როგორც აღინიშნა, მხოლოდ სასჯელმოხდილი პირების მიმართ. ნასამართლობის მოხსნის კუთხით პრეზიდენტის N277 ბრძანებულების ფართო განმარტების შემთხვევაშიც კი, ის არ შეიძლება გასცდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებს”, – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი