ახალი ამბები

გიორგაძე: მანანა ბერიკაშვილის პროექტიდან გასვლა ამ მომენტისთვის ჩემთვის წარმოუდგენელია

23 დეკემბერი, 2017 • 2277
გიორგაძე: მანანა ბერიკაშვილის პროექტიდან გასვლა ამ მომენტისთვის ჩემთვის წარმოუდგენელია

საქართველოს კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია, რომ მანანა ბერიკაშვილმა დატოვოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი.

ეს განცხადება გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, 22 დეკემბერს, მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“მე ვფიქრობ, მაინც, ქალბატონი მანანას გაჟღერებული გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული, იმიტომ, რომ პირდაპირ ვამბობ, ძალიან უსამართლო ბრალდებები გაისმა. ქალბატონი მანანას პროექტიდან გასვლა, პრაქტიკულად, ამ მომენტისთვის ჩემთვის წარმოუდგენელია,” – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეხვედრის შემდეგ მწერლები ამბობდნენ, რომ მანანა ბერიკაშვილის განცხადებით, იგი პროექტს ჩამოშორდება. მწერლებისა და გამომცემლების განაწყენება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ წიგნის ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რომ მანანა ბერიკაშვილი ერეოდა მის საქმიანობაში. მეტრეველმა გადადგომის მოთხოვნით კულტურის მინისტრსაც მიმართა.

დეა მეტრეველმა კულტურის მინისტრს მიმართა, რომ წიგნის ცენტრს, რომელიც ორგანიზებას უწევს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას, მხოლოდ ლიტერატურული ნაწილი დაუტოვონ, ხოლო ტექნიკური ნაწილები კულტურის სამინისტრომ გადაიბაროს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში იმართება, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ამ პროგრამისთვის მზადება წიგნის ცენტრს აქვს ჩაბარებული 2014 წლიდან, თუმცა რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი მართავს ყველაფერს, რამაც წიგნის ცენტრსა და კულტურის სამინისტროს დაპირისპირება გამოიწვია.

თავდაპირველად მიხეილ გიორგაძე უარს აცხადებდა, რომ დეა მეტრეველის წინადადება გაეთვალისწინებინა. მწერლები შიშობდნენ, რომ მანანა ბერიკაშვილის ჩართულობით, შესაძლოა ნაკლები ყურადღება დათმობოდა წიგნებს და ლიტერატურას და მეტი ყურადღება- თანმდევ კულტურულ ღონისძიებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი