მწერალთა და გამომცემელთა ნაწილი განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილე მიხეილ გიორგაძეს უნდობლობას უცხადებს.
საგანგებო პრესკონფერენციაში, რომელიც დღეს გაიმართა, მონაწილეობდნენ მწერლები და გამომცემლები: ლაშა ბუღაძე, პაატა შამუგია, ერეკლე დეისაძე, რატი ამაღლობელი და გვანცა ჯობავა. მათი ინფორმაციით, წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდნენ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები, რომლებიც ქართველ მწერლებთან და გამომცემლებთან ერთად დღეს უნდა შეხვედროდნენ განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს, თუმცა მიხეილ გიორგაძე მათ არ შეხვდა.
გვანცა ჯობავა ჰყვება, რომ საქართველოს წარმომადგენლობამ ჟენევაში დაახლოებით 1 თვის წინ ოფიციალურად მისწერა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და აცნობა, რომ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის დელეგაციას მასთან შეხვედრა სურდა. პასუხი იყო, რომ ბატიაშვილი დელეგაციას შეხვდებოდა მის პირველ მოადგილე მიხეილ გიორგაძესთან ერთად, თუმცა ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, განათლების სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ მიხეილ ბატიაშილი ვერ ახერხებდა აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრებას, რადგან საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ სომხეთის განათლების მინისტრს უნდა შეხვედროდა. დღეს კი, გვანცა ჯობავას ინფორმაციით, სამინისტროში შეხვედრაზე მისულმა სტუმრებმა აღმოაჩინეს, რომ იმავე მიზეზით მათ არც მიხეილ გიორგაძე ხვდებოდა.
“დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ სურათი – რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში და ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, რომ მას აქვს სხვა შეხვედრა და დათქმულ შეხვედრაზე ვერ მოვა. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, მდივანი იყო ჩამოსული. მათ დათქმული ჰქონდათ შეხვედრა და ამ შეხვედრას თავი აარიდა მინისტრმაც და მინისტრის მოადგილემაც. საერთოდ, ეს ადამიანები, განსაკუთრებით მიხეილ გიორგაძე, შემჩნეული კულტურის, ლიტერატურისადმი ინდიფერენტულობაში, ერთადერთი მაშინ გამოცოცხლდება ხოლმე, თუ რამე კულტურული ძეგლია ასაფეთქებელი”, – განაცხადა პაატა შამუგიამ.
მან მზადყოფნა გამოთქვა, ხელფასიდან ნაწილი ჩამოიჭრას და მიხეილ გიორგაძისთვის ეტიკეტის ტრენინგებს მოხმარდეს.
“დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან ბევრი ლიტერატორი და მთელი კულტურის სექტორი შემოგვიერთდება და უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ნორმალური მთავრობა დააყენებდა მისი პასუხისმგებლობის საკითხს, ხოლო თავმდაბალი ადამიანი თავად გადადგებოდა. ჩვენ მას უნდობლობას ვუცხადებთ”, – განაცხადა თავის მხრივ რატი ამაღლობელმა.
როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, განათლების მინისტრი და პირველი მოადგილე სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ, თუმცა წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტ ჰიუგო ზეტცერთან და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ ხოსე ბორგინოსთან შეხვედრისთვის მზად იყო განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი.
“ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, მზად ვიყავი განმეხილა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მოიცავს სამინისტროსა და წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობა და პასუხი გამეცა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. სამწუხაროდ, შეხვედრის ორგანიზატორებმა წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, შეგნებულად შეეცადნენ, არ შემდგარიყო შეხვედრა და სამინისტროსთან მოსული დელეგაცია უკან გააბრუნეს. როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებში შედიოდა, რაც სრულიად მიუღებელია. მოვითხოვთ სხვა მხარეებისგან, ხელი არ შეუშალონ ასეთ მნიშვნელოვან თანამშრომლობას სუბიექტური მიზეზების გამო“, – აცხადებს ლევან ხარატიშვილი.
“პრაიმტაიმმა” დღეს გაავრცელა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ხოსე ბორგინოს კომენტარიც.
„არასერიოზულია… ასეთი სერიოზული შეხვედრა გადაულოცო მინისტრის მოადგილის მოადგილეს“, – განაცხადა ხოსე ბორგინომ და ამჯერად მან თქვა უარი ლევან ხარატიშვილთან შეხვედრაზე.
უცხოელი სტუმრები განმარტავენ, რომ თუკი ხელისუფლებისთვის არ არის მნიშვნელოვანი მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები განათლების სისტემასთან დაკავშირებით, ისინიც არ ისურვებენ მათთან შეხვედრას.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე გვანცა ჯობავამ ისიც აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ დაგვიანებით გამოთქვა მზადყოფნა, დელეგაციას მიხეილ გიორგაძე შეხვდებოდა, თუმცა, ქართველი მწერლების გარეშე, რასაც გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წარმოამდგენლები არ დასთანხმდნენ.