ახალი ამბები

მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა

5 ივლისი, 2019 • 2004
მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა

განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ Facebook-ზე დაწერა. როგორც გიორგაძე წერს, 5 წელი საჯარო სამსახურში საკმარისი დრო იყო და ახლა გადაწყვიტა კერძო სექტორს დაუბრუნდეს.

“მეგობრებო, მსურს ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. იცით, რომ 5 წლის წინ დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე. შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი – სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ! დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და კერძო სექტორში დავბრუნდე. ვფიქრობ, 5 წელი ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით. ასევე, დროა ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო.


მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ჩვენს გუნდს, ჩემს კოლეგებს, თითოეულ იმ პროფესიონალს, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი! სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის დავრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად, რადგან მიმაჩნია, რომ ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ, არის სწორი და, სირთულეების მიუხედავად, მიღწევადი. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა! გისურვებთ წარმატებებს!”,- წერს გიორგაზე Facebook-ზე. 

მიხეილ გიორგაძე 2014 წლიდან კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა, ხოლო 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეურთდა, მიხეილ ბატიაშვილის მოადგილე გახდა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გიორგაძემ თანამდებობიდან წასვლა თავად გადაწყვიტა:

,,მიშა გიორგაძემ დატოვა პირველი მოადგილის პოსტი და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და, დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში, წარმატებებს ვუსურვებ მას! რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, – მე ვფიქრობ, რომ საჭიროა რეფორმები, ახალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, დაინტერესებული
მხარეების მეტი ჩართულობა, პრობლემების პროაქტიული გადაწყვეტა. ეს ყველაფერი მოითხოვს ახლებურ მიდგომებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი