“ნაციონალური მოძრაობა” კერძო შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან საქართველოს მიერ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციიონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა სამთავრობო ცვლილებების საპარლამენტო მოსმენაზე.
19 დეკემბერს საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა კონტრაქტს SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი. მთავრობის წევრებს არ განუმარტავთ, თუ რატომ შეიცვალა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ კუთხით, ვინაიდან ეს კომპანია შვეიცარიულმა მხარემ ჯერ კიდევ 2012 წელს შეარჩია, თუმცა მასთან ხელშეკრულების გაფორმებისგან ქართული მხარე ამ დრომდე თავს იკავებდა.
“ორი დღის წინ გავიგეთ, რომ ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულება შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან, რომელიც ითვალისწინებს ტვირთების მონიტორინგს, რომელიც რუსეთიდან შემოდის ცხინვალის რეგიონში და შემდეგ ტრანზიტით, საქართველოს გავლით, ალბათ, სომხეთისკენ, ისევე, როგორც აფხაზეთის გავლით ტრანზიტული ტვირთების საბაჟო კონტროლს. თქვენ გუშინ ახსენეთ, რომ ის მთლიანად შესაბამისობაში მოდის იმ ჩარჩო- ხელშეკრულებასთან, რომელიც არის გაფორმებული წინა ხელისუფლების პერიოდში და ჩვენ გთხოვთ, რომ ეს კონტრაქტი გასაჯაროვდეს რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან, ეს არ შეიძლება იყოს რაიმე ფორმით საიდუმლო, რადგან, ფაქტობრივად, მასში უნდა იყოს ასახული მხოლოდ ის ძირითადი დებულებები, რომელიც იყო გაფორმებული ამ 6 წლის წინ საქართველოს მთავრობის მიერ,”- მიმართა გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს.
2014 წელს “ნეტგაზეთს” ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა:
“ამ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი არ არის. SGS არის შვეიცარიული ფირმა, რომელსაც ე.წ. სავაჭრო კორიდორები უნდა გაეკონტროლებინა. არცერთი მხრიდან არ არის ხელმოწერილი. რუსეთის მხრიდან თითქოს იყო მზაობა გარკვეულ ვარიანტზე ხელის მოწერის, მაგრამ ჩვენ არ მოგვიწერია ხელი”.
კითხვას, რატომ არ გააფორმა საქართველომ კონტრაქტი SGS-თან, ფანჯიკიძემ ასე უპასუხა:
“ამის თაობაზე რამდენიმე საფუძვლიანი თათბირი ჩატარდა და არის რაღაც გაურკვეველი მომენტები ამ ხელშეკრულებაში და ამიტომ თავი შევიკავეთ ხელის მოწერისგან. ეს არ იყო მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, ეს იყო უსაფრთხოების საბჭოს ერთობლივი პოზიცია. კონკრეტულ დეტალებს ვერ გეტყვით, ასეთი საჯარო არ არის ეს ხელშეკრულება, მაგრამ იყო მომენტები, რომელიც ჩვენში კითხვებს იწვევდა და ამ კითხვებზე არ იყო პასუხები, ამიტომ ხელი არ არის მოწერილი”.
რა შეიცვალა ამის შემდეგ საქართველოს საგარეო უწყების ხედვებში და რატომ, ჯერჯერობით უცნობია.
2017 წლის 20 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი წარმოადგენს იმ ძირითადი კონტრაქტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდა 2011 წელს, რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს, და რომლითაც აგრეთვე განსაზღვრული იქნა სავაჭრო კორიდორების ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები.
“SGS-თან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს მხოლოდ 2011 წლის კონტრაქტის პირობებით განსაზღვრული საერთაშორისო ტრანსპორტირების ფარგლებში ტვირთების აღრიცხვას და არ მოიცავს სხვა არავითარ დამატებით ვალდებულებებს. ტვირთების ტიპი, დრო და რეგულარულობა არის მხოლოდ საქართველოს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და არავითარი კავშირი არ აქვს შვეიცარიულ კომპანიასთან,” – განაცხადა ჯანელიძემ და დასძინა, რომ სავაჭრო დერეფნები ასევე განსაზღვრულია 2011 წლის შეთანხმების თანახმად.
2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისათვის საჭიროა, რომ რუსეთის მხარემ ასევე მოაწეროს ხელი ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან.
20 დეკემბერს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც. მან განაცხადა, რომ SGS-სთან ხელმოწერილ ხელშეკრულებაში საქართველოს საწინააღმდეგო არცერთი პუნქტი არ არის. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთს ამ ხელშეკრულებაში ჩადებული გარკვეული პუნქტები არ მოსწონს:
“თუ რატომ არ მოეწერა დღემდე ხელი, ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს, იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. იმასაც გეტყვით, რომ დღესაც არის მათი მხრიდან მოთხოვნები, რომ ამ ხელშეკრილების ტექნიკურ დეტალებში გაკეთდეს ისეთი შესწორებები, რომლებიც ჩვენთვის არ იქნება მისაღები,”- განაცხადა პრემიერმა, თუმცა არ განუმარტავს, თუ რატომ მოეწერა კონტრაქტს ხელი მაინცდამაინც ახლა.