ახალი ამბები

ჯანელიძე: მოველით, რომ შვეიცარიულ კომპანიასთან რუსეთიც დროულად გააფორმებს ხელშეკრულებას

20 დეკემბერი, 2017 • 1671
ჯანელიძე: მოველით, რომ შვეიცარიულ კომპანიასთან რუსეთიც დროულად გააფორმებს ხელშეკრულებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, შვეიცარიულ კერძო კომპანიასთან გუშინ გაფორმებული ხელშეკრულება არის საიმპლემენტაციო 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის შესახებ დადებული კონტრაქტისა.

როგორც მინისტრი ამბობს, ანალოგიური ხელშეკრულება SGS-თან უნდა გააფორმოს რუსეთმაც, რის შემდეგაც შვეიცარიული კერძო კომპანიის მეთვალყურეობით დაიწყება მხარეებს შორის ტვირთბრუნვა.

“კომპანია SGS-მა უნდა განახორციელოს ტვირთბრუნვის მონიტორინგი 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პრინციპების შესაბამისად. გუშინ გაფორმებული კონტრაქტი არის საიმპლემენტაციო 2011 წლის შეთანხმების, მაგრამ ამ პროცესის დასაწყებად საჭიროა, რომ რუსეთის ფედერაციამაც გააფორმოს ანალოგიური კონტრაქტი SGS-თან, რომელიც წლების წინ შეირჩა, როგორც დამოუკიდებელი კერძო კომპანია ამ პროექტის განსახორციელებლად. ამიტომ ჩვენ მოველით, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთის მხრიდანაც განხორციელდება დროულად და უკვე მხარეები გადავლენ იმპლემენტაციის ფაზაზე,” – ამბობს მიხეილ ჯანელიძე.

კითხვაზე, თუ როგორ მოხდება ტვირთბრუნვის კონტროლი, მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი წერია 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რაც არის საჯარო და ღია.

ჯანელიძეს არ განუმარტავს, თუ რატომ შეიცვალა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ კუთხით, ვინაიდან ეს კომპანია შვეიცარიულმა მხარემ ჯერ კიდევ 2012 წელს შეარჩია, თუმცა მასთან ხელშეკრულების გაფორმებისგან თავს იკავებდა ქართული მხარე.

2014 წელს “ნეტგაზეთს” ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა:

“ამ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი არ არის. SGS არის შვეიცარიული ფირმა, რომელსაც ე.წ. სავაჭრო კორიდორები უნდა გაეკონტროლებინა. არცერთი მხრიდან არ არის ხელმოწერილი. რუსეთის მხრიდან თითქოს იყო მზაობა გარკვეულ ვარიანტზე ხელის მოწერის, მაგრამ ჩვენ არ მოგვიწერია ხელი”.

კითხვას, რატომ არ გააფორმა საქართველომ კონტრაქტი SGS-თან, ფანჯიკიძემ ასე უპასუხა:

“ამის თაობაზე რამდენიმე საფუძვლიანი თათბირი ჩატარდა და არის რაღაც გაურკველი მომენტები ამ ხელშეკრულებაში და ამიტომ თავი შევიკავეთ ხელის მოწერისგან. ეს არ იყო მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, ეს იყო უსაფრთხოების საბჭოს ერთობლივი პოზიცია. კონკრეტულ დეტალებს ვერ გეტყვით, ასეთი საჯარო არ არის ეს ხელშეკრულება, მაგრამ იყო მომენტები, რომელიც ჩვენში კითხვებს იწვევდა და ამ კითხვებზე არ იყო პასუხები, ამიტომ ხელი არ არის მოწერილი”.

რა შეიცვალა ამის შემდეგ საქართველოს საგარეო უწყების ხედვებში და რატომ, ჯერჯერობით უცნობია.

19 დეკემბერს საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა  კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-თან (Société Générale de Surveillance SA), რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“  საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი.

რუსეთმა WTO-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ორგანიზაციაში გაწევრიანება 2012 წელს შეძლო. ორგანიზაციაში გაწევრიანების თვალსაზრისით რუსეთს ერთ-ერთ პრობლემას უქმნიდა საქართველო, რომელსაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან შესული და გასული ტვირთების საბაჟო ადმინისტრირება, ასევე ვაჭრობის მონიტორინგის მიღწევა სურდა.
საბოლოოდ ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს შვეიცარიის მედიაციის წყალობით გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, შვეიცარიამ იკისრა იმ კერძო კომპანიის შერჩევის ვალდებულება, რომელიც სავაჭრო დერეფნების თავსა და ბოლოში ტერმინალებზე მონიტორინგს და საბაჟო ადმინისტრირებას განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ელექტრონული სახით საქართველო მიიღებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რითი ვაჭრობენ ერთმანეთში რუსეთი და სოხუმი, ან რუსეთი და ცხინვალი.
შვეიცარიის მხარემ დახმარება გაუწია მხარეებს (რუსეთ-საქართველოს) ნეიტრალური კერძო კომპანიის (SGS Societe Generale de Surveillance SA) შერჩევაში, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს ტვირთის გადაზიდვაზე.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატიაში და ამისთვის დააკლიკეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი