ნეტგაზეთი | სამუშია: პრემიერი ნერვებს ვეღარ აკონტროლებს – ალბათ, ივანიშვილმა წითელი აუნთო სამუშია: პრემიერი ნერვებს ვეღარ აკონტროლებს – ალბათ, ივანიშვილმა წითელი აუნთო – Netgazeti
RU | GE  

სამუშია: პრემიერი ნერვებს ვეღარ აკონტროლებს – ალბათ, ივანიშვილმა წითელი აუნთო

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, ძალიან მძიმე საყურებელი იყო მთავრობის მეთაურის მხრიდან საქართველოს პარლამენტში ატეხილი ლანძღვა-გინება.

“ალბათ, ეს გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წითელი აუნთო გიორგი კვირიკაშვილს და გარკვეული დრო მისცა, რომ დატოვოს თანამდებობა და არის რაღაც შეთანხმება. აქედან გამომდინარე, კვირიკაშვილი, ალბათ, ნერვებს ვეღარ აკონტროლებს. დიდი ალბათობით, აქედან უნდა იყოს ეს გამწოვეული, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, უბრალოდ, ეს ყოვლად მიუღებელი საქციელია, რაც უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის იმიჯისათვის. ამ შემთხვევაში მთავარია საგარეო ფაქტორი, რაზეც ძალიან უარყოფითად აისახება ეს ამბავი,” – განუცხადა ნეტგაზეთს ლევან სამუშიამ.

როგორც თავისუფალი დემოკრატების ლიდერი აცხადებს, პრემიერის ეს საქციელი ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს, ხოლო ხელისუფლების გუნდის წევრების “გაპრავებები” უკვე სასაცილოა და ყოველგვარ ზღვარს სცდება. მისი თქმით, მთავრობის მეთაურის საქციელს არავითარი გამართლება აქვს.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა მალევე მოიხადა ბოდიში პარლამენტში ლანძღვა-გინების გამო და აღიარა შეცდომა, ლევან სამუშია ამბობს: “ოცნების მმართველობაა თავიდან ბოლომდე შეცდომა. თუ მოიხდიან ისინი ჯიბეში ჩასმული სასამართლოსათვის ბოდიშს და ყველაფრისათვის, რასაც ბოლო პერიოდში აკეთებენ და რასაც ქვეყანა მიჰყავს უკან, ძალიან კარგი იქნება.”

ლევან სამუშიას თქმით, თუ ვინმე ამართლებს პრემიერს “კაცური გაგებით”, მათ “ჩაცუცქული საუბარი” უფრო გამოუვათ, ვიდრე პოლიტიკოსობა, რადგან პარლამენტარს ასეთი ქცევა არ შეეფერება:

“გაპრავებას ცდილობენ და საზღვარიც არ აქვს ამ ყველაფერს უკვე.”

როგორც ლევან სამუშია ამბობს, მთავარი თემა არის მთავრობის მეთაურის მიერ ატეხილი ლანძღვა-გინება, ხოლო ნიკა მელიამ თავად უნდა განმარტოს, რა იგულისხმა, როდესაც პრემიერს მიაძახა – პარლამენტში ხარ, თუ ქუთაისში გაზრდილიო.

ლევან სამუშია, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მოკლედ:

20 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ინციდენტი მოხდა, მთავრობის ლიდერები ოპოზიციონერი პარლამენტარების კითხვებს პასუხობდნენ. ყველაზე მეტად სიტუაცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრისას გამწვავდა. ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს სამარცხვინო უწოდა, ასევე, კორუფციულ გარიგებებში და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მთავრობის წევრებმა დარბაზის დატოვება დაიწყეს, გიორგი კვირიკაშვილმა კი ჟურნალისტების თანდასწრებით ნიკა მელიას აგინა. მალევე პრემიერმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას ზედმეტი ემოციებისთვის და განაცხადა, რომ “რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ჯერ ღირსების დაცვა ავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.