ახალი ამბები

პრემიერის გინება პარლამენტში – გიორგი კვირიკაშვილი VS ნიკა მელია

20 დეკემბერი, 2017 • 9351
პრემიერის გინება პარლამენტში – გიორგი კვირიკაშვილი VS ნიკა მელია

“შენ ხარ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი,” – მიაძახა ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს პარლამენტში ჟურნალისტების თანდასწრებით  აგინა.

პრემიერ – მინისტრმა ნიკა მელიას აგინა დედა,  “კეთილები” და უწოდა “ნაბიჭვარი”.

ნიკა მელიამ მთავრობის მეთაურს სამარცხვინო უწოდა და კიდევ ერთხელ მიაძახა: “შე უნამუსო, შენა. ლანძღვა-გინებაზე გადასული პრემიერ-მინისტრი. პარლამენტში ხარ, თუ ქუთაისში ხარ მოზრდილი, შე მართლა…”

ეს ყველაფერი დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან მთავრობის ლიდერების შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ ლანძღვა-გინებით დასრულდა. სიტუაცია ყველაზე მეტად მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ მოზარდების მკვლელობის საქმე მთავრობის მეთაურის უუნარობას დააბრალა.

გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას მოუწოდა, შეეწყვიტა მსგავსი ლაპარაკი და განაცხადა, რომ სირცხვილი იყო, რასაც კადრულობდა, რაზეც ენმ-ის ლიდერმა მას კიდევ ერთხელ უწოდა უუნარო და სამარცხვინო. ამის შემდეგ მთავრობის წევრებმა შეხვედრის დატოვება დაიწყეს, ხოლო პრემიერმა ნიკა მელიას ლანძღვა-გინება დაიწყო.

თანაგუნდელები გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას აკავებდნენ, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე რომ არ მისულიყო. პრემიერმა ნიკა მელიას აგინა, ხოლო ენმ-ის ლიდერმა ის კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი