Interviewsახალი ამბები

შენგენი და საქართველო: ევროკომისიის სტატისტიკა

20 დეკემბერი, 2017 • 2352
შენგენი და საქართველო: ევროკომისიის სტატისტიკა

ევროკომისიამ ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტს სპეციალური ანგარიში გაუგზავნა. დოკუმენტი ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს ეხება, რომელთა მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილება შეუძლიათ. ანგარიშში საუბარია აღნიშნული სახელმწიფოებიდან უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მოქალაქეების, მათგან მიღებული ლტოლვილების, საზღვრიდან უკან გაბრუნებული მგზავრებისა და სხვა მონაცემების შესახებ.

ევროკომისიის მონაცემებით, 2016 წლის მარტიდან(ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან) 2017 წლის 30 ნოემბრამდე შენგენის ზონას უვიზოდ ესტუმრა საქართველოს 173, 396 მოქალაქე. დოკუმენტის მიხედვით, 2015-დან 2016 წლამდე მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც შენგენის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი ეთქვათ: თუ 2 წლის წინ მათი რაოდენობა 1 330-ს შეადგენდა, გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 810-მდე დაეცა. 2016 წელს ყველაზე მეტ – 200 ადამიანს პოლონეთში შესვლაზე ეთქვა უარი.

ანგარიშში საუბარია შენგენის ქვეყნებში საქართველოს არალეგალურად მყოფ მოქალაქეებზეც. 2015 წელთან შედარებით, როცა აღნიშნულ სახელმწიფოებში 5, 405 არალეგალი აღირიცხა, გასულ წელს ვითარება ოდნავ გაუმჯობესდა და მაჩვენებელმა 5, 240 მოქალაქე შეადგინა. ყველაზე მეტი, 1, 810 არალეგალი გერმანიაში აღირიცხა, ყველაზე ცოტა – 495  კი, ესპანეთში. 2017 წლის მონაცემები დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვეს: 2015 წელთან შედარებით(8, 110 მოქალაქე) მათი რიცხვი 590-ითაა გაზრდილი და 8, 700-ს შეადგენს. ამ შემთხვევაშიც ლიდერი გერმანიაა. გასული წლის მონაცემებით, აქ საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით წასული 3, 700 მოქალაქე იმყოფება. 2017 წლის მონაცემებზე სრულად საუბარი ანგარიშის არც ამ ნაწილშია, თუმცა აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მაის-ივნისის მონაცემებისა და გასული წლის ანალოგიური მაჩვენებლის შედარების შედეგად დგინდება, რომ 2017 წელს ქვეყნიდან თავშესაფრის მოთხოვნით წასულთა რიცხვი 20%-ითაა გაზრდილი.

საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც ეთხოვათ ქვეყნის დატოვება, შემცირდა 12%-ით – 6, 415 შემთხვევიდან(2015) 5, 636 შემთხვევამდე(2016), ხოლო დაბრუნების მაჩვენებელი 2015 წლიდან(45, 13%) 55.90%-მდე გაიზარდა 2016-ში.

მოლდოვის შემთხვევაში, რომელიც საქართველოს მსგავსად, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრია და ვიზალიბერალიზაცია 2014 წელს მიიღო,  მონაცემების ძირითადი ნაწილი გაუარესებულია. თუ 2015 წელს შენგენის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი მოლდოვის 2, 725 მოქალაქეს ეთქვა, 2016-ში მაჩვენებელი 4, 660-მდე გაიზარდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში უარის მაჩვენებელი 2016 წლის პირველ ნახევართან შედარებით გაორმაგებულია.

ანგარიშის მიხედვით, ვითარებას აუარესებს აღნიშნული სახელმწიფოდან შენგენის ზონაში არალეგალურად წასული ადამიანების რიცხვის ზრდა. 2014 წელს შენგენის ქვეყნებში 2, 245 მოქალაქე იმყოფებოდა არალეგალურად.  2015-ში ეს რიცხვი 4, 050-მდე გაიზარდა, 2016 წელს კი 7, 660 შეადგინა.

ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყველაზე მეტი წინსვლა აქვს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების მხრივ. თუმცა კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში უსაფრთხოების ინტერესების საბაბით საქართველოში თავშესაფრის განცხადებების დიდ ნაწილში უარყოფითი პასუხი ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი