ახალი ამბები

„აკრძალული ზონა“ ბათუმის ბულვარში

29 ივლისი, 2013 • 1434
„აკრძალული ზონა“  ბათუმის ბულვარში

 

 

რას ნიშნავს ეს წარწერა და დააზარალებს თუ არა მსგავსი საინფორმაციო დაფა ბათუმის, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქალაქის იმიჯს? ქალაქის მერი, ჯემალ ანანიძე კითხვას ასე პასუხობს: „არ იმუშავებს საწინააღმდეგოდ, რადგან ეს არ არის ის ზონა, სადაც ტურისტმა უნდა იარონ. ამას ნიშნავს გაფრთხილება“.    

 

ჯემალ ანანიძის თქმით,  საინფორმაციო დაფის დადგმის ინიციატორი ქალაქის მერია იყო.  „მკვლელობის ფაქტის შემდეგ ჩვენი მისამართით წამოვიდა პრეტენზიები, რატომ არ იცავთ უსაფრთხოების ნორმებსო. სადაც ვერ ვიცავთ უსაფრთხოების ზომებს, იქ გავაკეთეთ წარწერა, რომ მოქალაქეები ყურადღებით მოიქცენენ“ – აცხადებს ბათუმის მერი. იგი ამბობს, რომ აღნიშნული  ტერიტორია არ ეკუთვნის ბულვარს და არ არის სასეირნო ადგილი.  „ეს არის კეთილმოწყობილი ადგილი, მაგრამ არის ტექნიკური ტერიტორია. ეს ადგილი არის აეროპორტის ზოლი, ასევე, აქ არის გამწმენდი ნაგებობა და უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები დაცული. თუმცა ამ ატაპზე ის, როგორც სასეირნო ტერიტორია, არ გამოყენება. აქ არის 400 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, რომელიც ნაკლებად დაცულია, ამიტომ მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ  იქ არ შევიდეს“.      

 

მერის კომენტარის მიუხედავად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ველობილიკი გადის, სადაც ბათუმელები და ტურისტები ველოსიპედით სეირნობენ.

 

რამდენადაა დაცული უსაფრთოება ბულვარის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე? შინაგან საქმეთა პრესსამსახურის ცნობით, ბათუმის სანაპირო ზოლში, მათ შორის ბულვარის ტერიტორიაზე, 42 პატრულ-ინსპექტორი პატრულირებს და გამოყოფილია შვიდი მინიკუპერი.  გარდა ამისა, 20 ივლისის შემდეგ, საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, ბათუმის საპატრულო პოლიციის საერთო კონტიგენტს  70  პოლიციელი დაამატეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

 

იმ ადგილას, სადაც საინფორმაციო დაფა –  „აკრძალული ზონა“   განთავსდა, პლაჟსა და სავალ ბილიკს შორის მოქცეულია საკმაოდ დიდი ცარიელი სივრცე,  .ე.წ.  გვირაბი, რომელსაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, მოსახლეობის თქმით, ღამის გასათევად იყენებდა. ჯემალ ანანიძის განცხადებით, პლაჟის მიმდებარედ მსგავსი სივრცეები შტორმის შემდეგ გაჩნდა და ამ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა.

 

„დღეს მოგვივიდა შეტყობინება ცენტრალური ხელისუფლებიდან, რომ შავი ზღვის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე გამოიყო ხუთი მილიონი ლარი. მანამდე მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოები იყო ჩატარებული და ისიც აქეთა პერიმეტრზე, რომელიც ბულვარს ეკუთვნოდა. მანდ ტალღების მოძრაობას უფრო რთული გათვლები და კონსტრუქციები სჭირდებოდა, ამიტომ იქ არის ავარიული ზონა, რომელიც ფეხით გავლითაც შეიძლება ჩამოიშალოს“.  

 

 

   

მასალების გადაბეჭდვის წესი