ახალი ამბებისამართალი

რეპერ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

18 დეკემბერი, 2017 • 3297
რეპერ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

თბილისის პროკურატურამ Birja Mafia-ს წევრის, გიორგი ქებურიას, იგივე Kay-ის მიმართ, მტკიცებულებათა არარსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ამის შესახებ დღეს არტისტისა და მისი ადვოკატების ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

Birja Mafia-ს წევრები და მათი მხარდამჭერები, დაკავებას ცოტა ხნით ადრე ინტერნეტში გამოქვეყნებულ მუსიკალურ კლიპს უკავშირებდნენ, სადაც პოლიციელია გაშარჟებული. წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ გიორგი ქებურიამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს მისგან იძულებით აღიარებითი ჩვენება სამართალდამცველებმა, თითქოს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. რეპერი განმარტავდა, რომ მის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

რეპერის განცხადების საფუძველზე საქმეზე თბილისის პროკურატურაში ცალკეული პოლიციელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე გამოძიება დაიწყო. შესაბამისად, გიორგი ქებურიასთან დაკავშირებით ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი გამოძიება მიმდინარეობდა პარალელურად:

1) გიორგი ქებურიას მიმართ ცალკეული პოლიციელების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ხოლო 2) რეპერის წინააღმდეგ – მისი მხრიდან შესაძლო ნარკოდანაშაულზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოძიება თბილისის პროკურატურამ გადაიბარა. როგორც გიორგი ქებურიას ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი ამბობს, ამ ხუთი თვის განმავლობაში, დაცვის მხარემ მოიპოვა ის ინფორმაცია, რომელიც ფაქტობრივად ადასტურებს რეპერის მონათხრობს, კერძოდ:

“გიორგი ქებურია დააკავეს თბილისში, ყაზბეგის გამზირის მდებარე ტერიტორიაზე. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაცვის მხარემ ამოიღო ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ფაქტობრივად დადასტურდა მისი ჩვენების სისწორე. ამასობაში თბილისის პროკურატურამ აქტიურად იმუშავა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით.”

ადვოკატები აცხადებენ, რომ თბილისის პროკურატურის მხრიდან ობიექტური, საფუძვლიანი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში დადგინდა გიორგი ქებურიას უდანაშაულობა, რის გამოც საქმის წარმოება შეწყვიტა შესაძლო ნარკოდანაშაულზე.

“საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახლდათ სისხლის სამართლის კანონმდებლობა, კერძოდ: გიორგი ქებურიას ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობა,” – ამბობს გაგი მოსიაშვილი.

რაც შეეხება ცალკეულ პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება და იმედოვნებენ, რომ რომ საგამოძიებო ორგანო ამ შემთხვევაშიც მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და ყველა იმ პირის მიმართ, რომელმაც შესაძლოა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, გატარდება კანონის შესაბამისი პროცედურები.

Birja Mafia-ს მეორე წევრის, მიშკა მგალობლიშვილის საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება შესაძლო ნარკოდანაშაულზე. როგორც გიორგი ქებურია, მიშკა მგალობლიშვილიც უარყოფდა ბრალდებას. არტისტი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. რეპერები და მათი მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ გამოძიება მიშკა მგალობლიშვილის უდანაშაულობას დაადგენს.

“მე მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გამოძიებამ დაადგინა ჩემი უდანაშაოლობა. იმედს ვიტოვებ, რომ მიშკა მგალობლიშვილის შემთხვევაშიც იგივენაირად დასრულდება საქმე და ეს არის დროის საკითხი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დიდი შრომა ჩადო ამ შედეგის მისაღწევად: ადვოკატებს, პროკურატურის წარმომადგენლები, რომლებმაც ობიექტურად წარმართეს გამოძიება, ასევე, მადლობა ხალხს, რომელსაც პირველი დღიდანვე სჯეროდა ჩვენი უდანაშაულობის – გვედგნენ გვერდში და გვიჭერდნენ მხარს. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ დაკავების მოტივი იყო კლიპი,” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე Kay G-მ, იგივე გიორგი ქებურიამ.

გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი 6 ივნისს სხვადასხვა ადგილზებზე დააკავეს. ბრალად ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებოდათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა. 12 ივნისს კი, სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს ორი წევრი, რომელთაც ნარკოდანაშაულში ედებოდათ ბრალი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან. ამ გათავისუფლებას წინ უძღოდა Birja Mafia-ს წევრების მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისის ცენტრში გამართული აქცია, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც. კერძოდ, ისინი ვარაუდობდნენ, რომ Birja Mafia-ს წევრებს ნარკოტიკი ვიდეოკლიპში პოლიციელის გაშარჟების გამო “ჩაუდეს”. ამ საკითხის შესახებ განცხადებები გაავრცელეს პრემიერმაენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ და ბერა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი