ახალი ამბები

Kay G: იმედია, მიშკას საქმეც კარგად დამთავრდება – შემდეგ გაირკვევა Birja Mafia-ს ბედი

18 დეკემბერი, 2017 • 4006
Kay G: იმედია, მიშკას საქმეც კარგად დამთავრდება – შემდეგ გაირკვევა Birja Mafia-ს ბედი

დღეს, 18 დეკემბერს, თითქმის ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ, თბილისის პროკურატურამ ჯგუფ Birja Mafia-ს წევრის, რეპერი გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რითიც დადასტურდა, რომ მას არანაირი ნარკოტიკული საშუალება ჰქონია დაკავების დროს. გიორგი ქებურია იმედოვნებს, რომ მიშკა მგალობლიშვილის საქმეც იგივენაირად დასრულდება, ხოლო ამის შემდეგ დაილაპარაკებენ და გადაწყვეტენ, გააგრძელებს თუ არა ჯგუფი Birja Mafia საქმიანობას.

“მე მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გამოძიებამ დაადგინა ჩემი უდანაშაულობა. იმედს ვიტოვებ, რომ მიშკა მგალობლიშვილის შემთხვევაშიც იგივენაირად დასრულდება საქმე და ეს არის დროის საკითხი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დიდი შრომა ჩადო ამ შედეგის მისაღწევად: ადვოკატებს, პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებმაც ობიექტურად წარმართეს გამოძიება, ასევე, მადლობა ხალხს, რომელსაც პირველი დღიდანვე სჯეროდა ჩვენი უდანაშაულობის – გვედგნენ გვერდში და გვიჭერდნენ მხარს. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ დაკავების მოტივი იყო კლიპი,” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე Kay G-მ, იგივე გიორგი ქებურიამ.

მან წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჩაწერა ახალი სიმღერა, რომელიც სწორედ მისი დაკავების საქმეს უკავშირდება: “ეს სიმღერა ეხება იმ დღეებს, რომლებიც გავატარე საპატიმროში.”

რაც შეეხება Birja Mafia-ს ბედს, რეპერი აცხადებს, რომ ამის შესახებ ჯერჯერობით არ უსაუბრიათ და ზუსტად არ იცის, რა გეგმები შეიძლება ჰქონდეთ სამომავლოდ.

“როდესაც დამთავრდება მიშკას საქმეც, სავარაუდოდ, შემდეგ დავილაპარაკებთ და გადავწყვეტთ, გაგრძელდება თუ არა ჯგუფის საქმიანობა,” – ამბობს გიორგი ქებურია.

Birja Mafia-ს მეორე წევრის, მიშკა მგალობლიშვილის საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება შესაძლო ნარკოდანაშაულზე. როგორც გიორგი ქებურია, მიშკა მგალობლიშვილიც უარყოფდა ბრალდებას. არტისტი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. რეპერები და მათი მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ გამოძიება მიშკა მგალობლიშვილის უდანაშაულობას დაადგენს.

გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი 6 ივნისს სხვადასხვა ადგილებზე დააკავეს. მათ ბრალად მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებოდათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა. 12 ივნისს კი, სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს ორი წევრი, რომელთაც ნარკოდანაშაულში ედებოდათ ბრალი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან. ამ გათავისუფლებას წინ უძღოდა Birja Mafia-ს წევრების მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისის ცენტრში გამართული აქცია, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც და აცხადებენ, რომ Birja Mafia-ს წევრებს ნარკოტიკი ვიდეოკლიპში პოლიციელის გაშარჟების გამო “ჩაუდეს”. ამ საკითხის შესახებ განცხადებები გაავრცელეს პრემიერმაენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ და ბერა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი