საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო “მაუწყებლის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის. ამის შესახებ საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
საბჭო თანახმაა, მხოლოდ პირადად შეხვდეს გიორგი მარგველაშვილს და მაუწყებლის პრობლემებსა თუ მისი გაძლიერების გზებზე ესაუბროს. განცხადების ავტორები შერეულ ფორმატში შეხვედრაზე უარს აცხადებენ, ვინაიდან, მათი აზრით, მსგავსი ფორმატი საკითხში გარკვევის შესაძლებლობას არ იძლევა და შესაძლოა, შედეგისთვის საზიანოც აღმოჩნდეს.
“ნებისმიერ შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი ფორმატი არ იძლევა საკითხში გარკვევის რეალურ შესაძლებლობას და შედეგისთვის მხოლოდ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. იმის გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, განზრახ არასწორად განმარტონ კანონის კონკრეტული მუხლები და სრულად დაამახინჯონ კანონის ზოგადი სულისკვეთება, მათთან კამათი მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი პრინციპებიდან და მაუწყებლის ინტერესებიდან გამომდინარე”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ “მაუწყებლის შესახებ” კანონთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის შესახებ დღეს, 16 დეკემბერს ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტი ორშაბათს მედიისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე საკითხით დაინტერესებული ყველა მხარის პოზიციას მოისმენს.
“ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამოითქვა ბევრი კრიტიკა და შენიშვნა, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ შეხვდეს ყველა იმ მხარეს, რომლებმაც ეს მოსაზრებები გამოთქვეს: მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ ან ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებსაც პარლამენტი იხილავს”,- განაცხადა ანა დოლიძემ.
ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
აგრეთვე, ახალი რედაქციით, დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;
გარდა ამისა, ახალი რედაქციით განისაზღვრა კომერციული რეკლამის საზოგადოებრივ მაუწყებლებზე განთავსების წესიც. საზოგადოებრივ მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ განთავსდება უქმე დღეებში, აგრეთვე, საუკეთესო დროს (19:00 – 24:00). კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. თუმცა იზრდება კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ფარგლებში. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს( ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს.
მიღებული ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხისგან ნაშთი დარჩება, მას აღარ ექნება ვალდებულება, აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტშივე დააბრუნოს. ნაცვლად ამისა, აუთვისებელი თანხა წლის დასაწყისში დაემატება სახელმწიფოდან მიღებულ ახალ დაფინანსებას.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ამიერიდან უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები მიმართოს სტარტაპების დაფინანსებისკენ. გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი მიიღებს საზოგადოებრივი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით.
რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს, აქამდე მოქმედ მოქმედ კანონში გათვალისწინებული იყო, რომ სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; საბჭო უფლებამოსილი იყო, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეეტანა დებულებაში. ახალ რედაქციაში საბჭოს უფლებამოსილება იგივე რჩება, თუმცა დებულებაში ცვლილებას ვეღარ შეიტანს, თუ ცვლილება მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებას შეეხება.