როგორც ადვოკატმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, თედორაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს თვითონ მიმართა.
“დღეს შეიცვალა აღმკვეთი ღონისძიება პროკურატურის შუამდგომლობით. პროკურატურა აყენებდა 10000–ლარიანი გირაოს შეფარდების საკითხს, თუმცა სასამართლომ გირაო მხოლოდ 3000 ლარით განსაზთვრა. ეს გამოწვეული არის მისი ავადმყოფობით. ის იმყოფება კლინიკაში, სადაც გულზე უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ თვითონ იშუამდგომლა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე”, – ამბობს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი და იხსენებს, რომ თედორაძე დაკავების შემდეგ პროკურატურის მხრიდან ზეწოლის განხორციელებაზე საუბრობდა.
“იგი საუბრობდა, რომ მას თავის დროზე არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ მას უკვე დაეწყო მკურნალობა და თვითონ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ გასცა ცნობა იმის შესახებ, რომ იგი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. ამის შემდეგ გადაიყვანეს კერძო კლინიკაში”.
2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტომ რვა პირი – შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი – ვაჟა ნახუცრიშვილი, მოადგილეები – მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი – ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორები – ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს.
აღნიშნულ პირებს „სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივ გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლაში“ედებათ ბრალი. სასამართლომ 7 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გირაოს სანაცვლოდ აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიური ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე, შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილეები მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე გაათავისუფლეს.
“ტრაქტორების საქმეზე” სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის გამოძიება გრძელდება. ბრალდებულების ადვოკატის სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, წინა სასამართლო სხდომა 20 ივნისს უნდა გამართულიყო. მაგრამ პროკურატურის მოთხივნით, სასამართლო პროცესი 2013 წლის 5 აგვისტოს გაიმართება.
