ახალი ამბები

არასამთავრობოებმა სუს-ის და დაზვერვის შერწყმაზე შენიშვნები საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნეს

1 დეკემბერი, 2017 • 1473
არასამთავრობოებმა სუს-ის და დაზვერვის შერწყმაზე შენიშვნები საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნეს

EMC-ის ორგანიზებით, ადგილობრივი არასამთავრობოები საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს იმ საფრთხეებზე ესაუბრნენ, რასაც სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანების შემთხვევაში ხედავენ.

EMC-ისთან ერთად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, ღია საზოგადოება – საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა, მათ ამ კანონპროექტის შესახებ დახურულ კარს მიღმა ესაუბრნენ.

EMC-ის წარმომადგენელი, სოფო ვერძეული ამ კანონპროექტს “ნაჩქარევს” და “მოუმზადებელს” უწოდებს და განმარტავს, რომ პროექტში განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი საკითხები:

  • “განსაკუთრებით კრიტიკულია უსაფრთხოების წარმომადგენლის გაგზავნა სხვადასხვა, როგორც საჯარო, ისე არასაჯარო დაწესებულებაში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ვუბრუნდებით ე.წ. ოდეერების ინსტიტუტს, რომელიც 2015 წელს გარკვეული ფორმით შეიცვალა და სამართლებრივ რეჟიმში მოექცა. ამიტომ, ეს ინიციატივა უნდა აღვიქვათ, როგორც ამ სამართლებრივი სტანდარტის მნიშვნელოვანი გაუარესება”.
  • “ადმინისტრაციული დაკავების უფლება ენიჭება სუს-ს და დაკავებული პირების საკუთარ, ცალკე იზოლატორში მოთავსების უფლება. პრობლემურია, რომ სუს-ს საკუთარი იზოლატორი აქვს, ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”.
  • “პრობლემაა ის, რომ ასეთ მასშტაბურ ინიციატივას პარლამენტი განიხილავს დაჩქარებულად და თან ამ პაკეტის ნაწილი არ არის უსაფრთხიების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდა”.

სოფო ვერძეულმა განმარტა, რომ ამ საკითხებს ისინი პარლამენტში სხვადასხვა ფორმატში დააყენებენ, ასევე, იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამ მესიჯს ხელისუფლების ყურამდე მიიტანენ.

“საქართველოში უსაფრთხოების მდგომარეობა, დემოკრატიის მდგომარეობა და უსაფრხოების სექტორი დიდწილად განაპირობებს, მმართველობის რა ფორმა იქნება საქართველოში და ადამიანის უფლებების მდგომარეობა როგორ იქნება. მათ აქვთ კითხვები და ჩვენ ვაპირებთ, ამ კითხვებზე გავცეთ დეტალურად პასუხებ. ამის შემდგომ, ისინი რა ფორმატში გააგრძლებენ ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, ჩვენთვის უცნობია,”- განაცხადა სოფო ვერძეულმა.

იმავე პრობლემაზე საუბრობს “ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე, რომელიც ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებთამ შეხვედრას.

“საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა სამართალდამცავი სტრუქტურების კონტროლი, ეს არის ხელისუფლების ძალიან ძლიერი შტო, რომლის გაკონტროლება პარლამენტს უჭირს. როდესაც ხდება დაზვერვის სამსახურის მიერთება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ვიღებთ უფრო ძლიერ სტრუქტურას, რომლის საპარლამენტო ზედმხედველობა და დამოკრატიული კონტროლი უფრო რთული იქნება,”- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

უფრო დაწვრილებით, თუ რა იცვლება სახელმწიფო უსაფრღხოების სამსახურისა და დაზვერვის გაერთიანებით, რამაც არასამთავრობოების  შეშფოთება გამოიწვია, წაიკითხეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი