ახალი ამბები

უსუფაშვილი: NDI -ის კვლევის შედეგებით შეშფოთებული ვარ

16 ივლისი, 2013 • • 1167
უსუფაშვილი: NDI -ის კვლევის შედეგებით შეშფოთებული ვარ

მან მედიასთან კომენტარი სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებით გამართული სემინარის დასრულების შემდეგ გააკეთა:

 

“არ დაგიმალავთ  და NDI -ის კვლევების ბოლო შედეგების გაცნობის შემდეგ მე ვარ უკიდურესად შეშფოთებული, ვინაიდან შარშან ამ დროს ანალოგიური კვლევები რასაც უწინასწარმეტყველებდა კოალიცია “ქართულ ოცნებას”, არჩევნებზე მივიღეთ სამჯერ მეტი. ამიტომ თუ ახლა ვიღებთ ამ შედეგებს, არჩევნებზე მივიღებთ ორჯერ მეტს მაინც.  ეს იქნება დემოკრატიის დასასრული ქვეყანაში, ვინაიდან 100 პროცენტს გადავაჭარბებთ ალბათ” – განაცხადა დავით  უსუფაშვილმა.

 

NDI-იმ საქართველოში პოლიტიკური განწყობის შესახებ ჩატარებული კვლევა გუშინ სასტუმრო “რედისონში” გაასაჯაროვა: ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად? – ამ კითხვაზე გამოკითხულთა უმრავლესობა (29%) პასუხობს, რომ – გიორგი მარგველაშვილს.

 

NDI-ის კვლევის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ შეკითხვაზე გამოკითხულთა რიცხვი, რომელთა პასუხია  “არ ვიცი”, 26%-ს შეადგენს. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს შემდეგ პრეზიდენტად ისურვებდა გამოკითხულთა 10%. 7% ამბობს, რომ არც ერთ დასახელებულ კანდიდატს არ ისურვებდა პრეზიდენტად. 5% მხარს უჭერს ნინო ბურჯანაძეს, 4% – გიორგი თარგამაძეს, 3% – შალვა ნათელაშვილს, 3% – სალომე ზურაბიშვილს.

გამოკითხულთა 5% უარს აცხადებს პასუხზე, ხოლო 8% ვინმე სხვა კანდიდატს დაუჭერდა მხარს. „სხვა“ მოიცავს: „მაინც მიხეილ სააკაშვილი“ – 2%, ირაკლი ალასანია – 2%, ბიძინა ივანიშვილი – 2%, სხვა (ისინი, ვისი პროცენტული მაჩევებელი არ არის 0.4%–ზემაღალი) – 2%).

 

NDI-ის დაკვეთით კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა”. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

 

კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა 2013 წლის 12–26 ივნისს. გამოიკითხა 2338 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +–2,9 პროცენტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი