ახალი ამბები

CRRC-ის მკვლევარი NDI-ის დღევანდელი კვლევის შედეგებს განმარტავს

2 თებერვალი, 2023 • 1333
CRRC-ის მკვლევარი NDI-ის დღევანდელი კვლევის შედეგებს განმარტავს

CRRC-ის მკვლევარი გივი სილაგაძე „ნეტგაზეთთან“ აჯამებს NDI-ს დაკვეთით მომზადებულ კვლევას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

მისი შეფასებით, დოკუმენტი მიუთითებს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობაზე. NDI-ის დღევანდელი კვლევა სწორედ CRRC-ის მიერ არის მომზადებული.

სილაგაძე განმარტავს, რომ როგორც წესი, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საკუთარი ცხოვრების ხარისხით კმაყოფილია, მეტწილად სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერია, სოციალურად შეჭირვებული ფენა კი უფრო გადაუწყვეტელია, ვიდრე ოპოზიციურად განწყობილი. მიუხედავად სავალალო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, მკვლევრის თქმით, საქართველოში ოპოზიცია ამომრჩევლის გადაბირებას ვერ ახერხებს:

„ქვეყანაში, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კრიზისი გვაქვს. ეკონომიკურ სიდუხჭირეში მცხოვრები ადამიანები, ვისაც საკვებზე, კომუნალურებზე ფული არ ჰყოფნით, ნაკლებად უჭერენ მხარს „ქართულ ოცნებას”, მაგრამ, ამავდროულად, ეს ხალხი არც ოპოზიციისკენ იხრება“, – ამბობს გივი სილაგაძე.

მკვლევარი მიიჩნევს, რომ მთავარი დასკვნა, რაც ოპოზიციამ აღნიშნული კვლევიდან უნდა გამოიტანოს, იმ ელექტორატის მოსაზიდად მუშაობის საჭიროებაა, რომელიც ძალიან უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით:

„ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ მოსახლეობაში პრობლემების იდენტიფიცირებისას დომინანტურია ეკონომიკური საკითხები, ფასები, ინფლაცია თუ ა.შ. მეორე მხრივ, ის ადამიანები, ვინც ამ პრობლემებს ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს ეხება მათ ოჯახებს, არ ასახელებენ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც მათ შეხედულებებთან ახლოს იქნებოდა“, — ამბობს CRRC-ს მკვლევარი.

ამასთან, მკვლევარი განმარტავს, რომ იმ ადამიანების პროცენტული წილის მატება, რომლებიც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებენ, ერთმნიშვნელოვნად არ უნდა გავიგოთ.

გივი სილაგაძის თქმით, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთან გვაქვს საქმე, რადგან მონაცემების ჩაშლის შემთხვევაში იკვეთება, რომ მათი დიდი ნაწილი სხვა ასპექტებში ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. მაგალითად, იმ ხალხის მესამედი, ვინც კარგად ან ძალიან კარგად აფასებს მთავრობის საქმიანობას, ამავდროულად, ვერც ერთ პარტიას ასახელებს, რომელიც მის შეხედულებებთან ახლოს იქნებოდა.

ამასთან, სილაგაძე აღნიშნავს, რომ კვლევის მიხედვით, ხალხის დიდი ნაწილი მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ არ აკისრებს, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს რომ ხელისუფლება ელექტორატის გარკვეულ ნაწილთან წარმატებით ამყარებს კომუნიკაციას:

„ქართული ოცნება“ ახერხებს დაარწმუნოს ისინი, რომ გამოკვეთილი პრობლემები ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა არაა. მაგალითად, მოსახლეობის დაახლოებით მესამედი (31%) ამბობს, რომ ფასების ზრდა უფრო მეტად ისეთი ფაქტორების შედეგია, რომელიც საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმაა”. ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი მდგომარეობა, როცა „ქართულ ოცნებას” აქვს ოპოზიციასთან შედარებით ნორმალური რეიტინგი მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ძალიან უჭირს, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მმართველი პარტია ახერხებს მოსახლეობამდე კარგად მიიტანოს საკუთარი გზავნილები“, – ამბობს სილაგაძე.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მუშაობს, იქნება ეს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი თუ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, სილაგაძე ამბობს, რომ ამის ვარაუდი შესაძლებელია, თუმცა აღნიშნავს, რომ კვლევის საგანი ეს არ ყოფილა.

დღეს გამოქვეყნდა NDI-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა, ეს იმ ფონზე, როდესაც ამავე კვლევის მიხედვით საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი