ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ცენტრი: დეკანოზს ციხიდან ომბუდსმენთან დარეკვა არაკანონიერად ეზღუდება

29 ნოემბერი, 2017 • 1561
ადამიანის უფლებათა ცენტრი: დეკანოზს ციხიდან ომბუდსმენთან დარეკვა არაკანონიერად ეზღუდება

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ე. წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს #9 პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება არაკანონიერად ეზღუდება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  დეკანოზს პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება არ მისცა.

“როგორც გიორგი მამალაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან შეხვედრისას განაცხადა, 13 ნოემბერს მან სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე (1481) დარეკვა მოითხოვა, რაზეც #9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილემ და თანამშრომელმა უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ მას ამოწურული ჰქონდა სამი ზარის განხორციელების ლიმიტი. იმავე დღეს მსჯავრდებულმა წერილობით მიმართა დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა წერილობითი განმარტება” – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით, დაწესებულების დირექტორმა, ზაზა ჯამატაშვილმა, მსჯავრდებულს სატელეფონო ზარის განხორციელებაზე უარის საფუძვლად მიუთითა, რომ მას ამოწურული ჰქონდა საკუთარი ხარჯით ტელეფონით სარგებლობის თვიური ლიმიტი, კერძოდ – განხორციელებული ჰქონდა სამი ზარი, თითოეული არაუმეტეს 15 წუთისა, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრში დაუშვებლად მიიჩნევენ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ლიმიტი არ უნდა ეხებოდეს სახალხო დამცველის ოფისის ცხელ ხაზზე დარეკვას:

“ზოგიერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკრულია კიდეც ინფორმაცია, რომ თვეში სამი ზარის ლიმიტი არ ეხება სახალხო დამცველის ოფისის ტელეფონის ნომრებზე, მათ შორის – ცხელ ხაზზე დაკავშირებას.

პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულს უფლება აქვს: გ)
ერთი თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა” – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თვეში სამი ზარის ლიმიტში არ შეიძლება შედიოდეს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი, რომელზე დარეკვაც შესაძლოა პატიმრისთვის საჭირო გახდეს გადაუდებელი აუცილებლობისას, მაგალითად – თუკი მსჯავრდებული ჩივის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის შესახებ ან სხვა კანონიერი საჭიროებიდან გამომდინარე და სურს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირება.

“ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ თუკი თვეში სამი სატელეფონო ზარი განხორციელებული აქვს, მსჯავრდებულს ერთმევა შესაძლებლობა, დაუკავშირდეს სახალხო დამცველს გადაუდებელი წესით.

როგორც #9 პენიტენციური დაწესებულების პრაქტიკიდან ირკვევა, დაწესებულების დირექცია არასწორად განმარტავს რეგულაციას, რომელიც
თვეში სამი ზარის განხორციელების ლიმიტს ეხება. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ეს რეგულაცია არ უნდა განიმარტოს
იმგვარად, რომ დაირღვეს პატიმრის ფუნდამენტური უფლებები. თვეში სამი ზარის ლიმიტი უნდა ეხებოდეს მხოლოდ გეგმურ ზარებს და არა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე გადაუდებელი წესით დარეკვას” – ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა ცენტრის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია მიმართავს #9 პენიტენციურ დაწესებულებას, მიეცეს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შეუზღუდავად და დაუბრკოლებლად დაკავშირების უფლება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კი მოუწოდებს,
რეაგირება მოახდინოს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის უფლების დარღვევის ფაქტზე.


დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი