ახალი ამბები

რა უფლებამოსილებები ემატება სუს-ს კონტრდაზვერვის მიერთების შემდეგ

28 ნოემბერი, 2017 •
რა უფლებამოსილებები ემატება სუს-ს კონტრდაზვერვის მიერთების შემდეგ

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთიანდება, რაც გულისხმობს, რომ სუს-ის ფუნქციებს სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები ემატება.

მთავრობის ამ კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება “საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონი და შესაბამისი ცვლილებები აისახება “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში.

ამ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, სუს-ის უფროსს, დღეის მდგომარეობით, ვახტანგ გომელაურს,, უფლებამოსილება ექნება, მიავლინოს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლები საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.

კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ძირითადი ცვლილებებია:

– სუსი განსაზღვრავს სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს.

– სუსი განახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.

– აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურში შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულების თანამშრომელი, შესაბამისი დაწესებულების კადრში დატოვებით. ასევე შეიძლება სამსახურის მოსამსახურის მივლენა საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებაში.

– სუსი უფლებამოსილი იქნება განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ორგანიზაციების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დაზვერვითი საქმიანობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, აგრეთვე მიიღოს საჭირო ზომები სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

–  ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სამხედრო ძალებში განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა;

– საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდური, ორგანიზაციული, ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. ამ მიზნით განახორციელოს როგორც ოპერატიული, ისე საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები;

– განახორციელოს საგარეო კონტრდაზვერვითი ღონისძიებები;

– აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელოს თავისი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვა და დაშიფვრა, მათ შორის, სხვადასხვა დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენება;

– საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დადოს ხელშეკრულებები;

– თავისი ქონების, ობიექტების, ინფორმაციისა და მოსამსახურეთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ითანამშრომლოს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან;

– რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე ითანამშრომლოს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;

– თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს საქართველოს საზღვრებს გარეთ, აგრეთვე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

– განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც მისთვის პირდაპირ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან.

– არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირთა ან ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სამსახურთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი პირისა.

– მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღი, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად − დამატებითი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

– სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა.

– საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი