ახალი ამბები

წელს გიგა ბოკერია პარლამენტში რელიგიათა საბჭოს რამდენჯერმე დაეხმარა – რუსუდან გოცირიძე

20 ნოემბერი, 2017 • 5972
წელს გიგა ბოკერია პარლამენტში რელიგიათა საბჭოს რამდენჯერმე დაეხმარა – რუსუდან გოცირიძე

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და რელიგიათა საბჭოს წევრი, რუსუდან გოცირიძე “ტვ პირველთან” განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭომ გიგა ბოკერიას 2017 წლის “ტოლერანტობის ქომაგის” ჯილდო გადასცა.

რუსუდან გოცირიძის განცხადებით, 2017 წელს, რელიგიურ უმცირესობათა საბჭოს რამდენჯერმე დასჭირდა საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა მრავალფეროვნების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე მათ თხოვნას გამოეხმაურა ევროპული საქართველო, კონკრეტულად კი – გიგა ბოკერია:

“ეს არ არის მმართველი პარტია, რომ მათთვის დაგვეწყო კეკლუცობა და ამის გამო დაგვეჯილდოვებინა. ვერ ვხვდები, რა ახსნას პოულობენ ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ რელიგიათა საბჭოს გადაწყვეტილებას. თუ არა ის თანამშრომლობა და მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ხოლმე ამ ადამიანებისგან, რატომ შეიძლება თავი შეგვეწუხებინა? ყველა კარგად ვხვდებოდით, რომ გიგა ბოკერიას დაჯილდოება პოპულარული გადაწყვეტილება არ იქნებოდა და ასეთი კრიტიკა მოჰყევბოდა. რომ არა მართლაც მისი მხარდაჭერა, რატომ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ასეთი არჩევანი?”

მისი განცხადებით, ამ დაჯილდოვების დროს, რელიგიათა საბჭოსა და ეთნიკური საბჭოს მხრიდან ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი დასახელდა, რომლებსაც დიდი კრიტიკა შეიძლებოდა მოჰყოლოდათ, მაგრამ მხოლოდ გიგა ბოკერიასა და რუსთავი 2-ის გამო “ატყდა დიდი ამბავი”.

“მე მგონი, იმის გამო, რომ ადამიანები პოლიტიკურად არ არიან ჰარმონიულად რომელიმე ადამიანთან, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც მომენტში ისინი ერთი და იგივე საკითხთან მიმართებაში ერთნაირ ფასეულობებს არ იზიარებდნენ. შეიძლება პოლიტიკურად ქალბატონი ნაირას და ბატონი გიგას დამოკიდებულებები განსხვავდება, მაგრამ როცა ლაპარაკია რელიგიური უმცირესობების მხარდაჭერაზე, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ კითხვის ნიშანი არ უნდა გაჩნდეს,” – განუცხადა “ტვ პირველს” ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა.

რუსუდან გოცირიძე, რომელიც ამჟამად არ იმყოფება საქართველოში, 2017 წლის “ტოლერანტობის ქომაგის” საკითხზე სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს ვრცელ პოსტს:

“ჩემი პირადი განცდა ასეთია, რომ როცა შორს ვარ, ყველაფერი გაცილებით დრამატულად და მძაფრად მეჩვენება და უფრო ძლიერად განვიცდი. გავიგე, რომ ქალბატონ ნაირა გელაშვილს წლების წინ მიცემულ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოზე უარი უთქვამს ბატონი გიგა ბოკერიას და რუსთავი 2-ის დაჯილდოვების გამო.”

მისი განმარტებით, ტოლერანტობის ქომაგებს ირჩევს რელიგიების საბჭო, რომელიც, მართალია მოქმედებს სახალხო დამცველის ქოლგის ქვეშ, მაგრამ არის სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუცია და მის გადაწყვეტილებებზე გავლენას არ/ვერ ახდენს ვერც ომბუდსმენი და ვერც სახელმწიფო.

“ამიტომაც იყო, რომ ჯილდოს გადაცემის ცერემონიის წინ ბატონმა უჩა ნანუაშვილმა მისასალმებელი სიტყვის დიდი ნაწილი სწორედ ნომინანტების დასახელებისა და კრიტერიუმებისა და არჩევის პრინციპების დახვეწას მიუძღვნა. რის გამოც ძალიან ბევრ ნომინანტს გაუჩნდა უხერხულობის განცდა,” – განმარტავს რუსუდან გოცირიძე.

მისი თქმით, რელიგიათა საბჭო (ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობების საბჭო ცალკე) აწესებს ოთხ ჯილდოს:

  1. ირჩევს ერთ პიროვნებას (პროფესიისა და მოღვაწეობის სფეროს მიუხედავად), რომელიც თავისი მოღვაწეობით ტოლერანტობის კულტურის შენებასა და რელიგიურ მრავალფეროვნებას უწყობს ხელს;
  2. ასევე, ირჩევს ერთ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ამ მიმართულებით;
  3. ირჩევს მედია კომპანიას, რომელიც თანამიმდევრულად აშუქებს რელიგიურ მრავალფეროვნებას და ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას;
  4. საჯარო მოხელეს/პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც თავისი საქმიანობით გამოირჩევა ტოლერანტობის ხელშეწყობით.

რელიგიათა საბჭოს წევრი განმარტავს, რომ მეოთხე ნომინაცია ძალიან ახალია.

“თავიდან ვფიქრობდით, რომ საჯარო მოხელის და პოლიტიკური პირის პირდაპირი ვალდებულებაა მრავალფეროვნების ხელშეწყობა და არ უნდა იყოს საჭირო ამის გამო ხალხის დაჯილდოება. მაგრამ, რაკი ვხედავდით, რომ რაც დრო გადიოდა პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს შორის სულ უფრო ცოტა ადამიანი ბედავდა არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით, გადავწყვიტეთ, რომ ასეთი გამონაკლისები აღგვენიშნა და დაგვეჯილდოებინა. პირველი ჯილდო მიიღო რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე ნათელმა სახემ თამარ კორძაიამ,” – წერს გოცირიძე.

ეპისკოპოსი განმარტავს, რომ 2017 წელს მეოთხე ნომინაციაზე ხმები თანაბრად გაიყო ორ კანდიდატს შორის – გიგა ბოკერიამ და ხათუნა სამნიძემ აიღეს თანაბარი ხმები, ხოლო საბჭომ გადაწყვიტა ორივესთვის გადაეცა ჯილდო. როგორც რუსუდან გოცირიძე აცხადებს, საბჭოს ღრმა რწმენითა და დაკვირვებით, ეს ადამიანები წელს იმსახურებენ მადლობას რელიგიური მრავალფეროვნების საქმეში გაწეული ღვაწლისათვის.

“რელიგიათა საბჭო კრიტიკული იყო წინა ხელისუფლების დროს როგორც ხელისუფლების, ისე თვითონ გიგია ბოკერიას მიმართ, როცა ვთვლიდით, რომ გასაკრიტიკებელი იყო მათი ქმედება. მათი ხელისუფლების დროს ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისათვის და ზოგი გადაწყვეტილების მიღება ვერც მოვახერხეთ. მაგრამ, ეს სამყარო არ არის შავ-თეთრი. იმის ფონზე, რომ ვერ ვთანხმდებოდით რიგ საკითხებზე, იყო საკითხები, რომელიც სწორედ თანამშრომლობის წყალობით მოხერხდა: პენიტენციალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაცია, სეკულარული სკოლები, რელიგიური ექსტრემიზმის დასჯადობა…

ვწუხვარ, რომ ბევრმა ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანმა და მათ შორის ჩემმა ახლო და ძვირფასმა მეგობრებმა რელიგიათა საბჭოს ეს გადაწყვეტილება ძალიან ცუდად მიიღო. ვწუხვარ, რომ მათგან ერთ-ერთმა უარი თქვა ჩვენს ჯილდოზე.

ვწუხვარ, რადგან კარგად ვიცი, რომ ეს დაძაბულობა კეთილად არ აისახება რელიგიათა საბჭოს საქმიანობაზე. ამ ქვეყანაში ისედაც თითებზე ჩამოსათვლელი გულშემატკივარი და მეგობარი გვყავს და არაა კარგი მეგობრების განაწყენება.

მაგრამ, მოდი შევთანხმდეთ, რომ შეიძლება ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ. ჩვენ ვცემთ პატივს თქვენს კრიტიკულ დამოკიდებულებას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და თუ შეიძლება, ეცით პატივი ჩვენს გადაწყვეტილებას,” – წერს რუსუდან გოცირიძე.

რუსუდან გოცირიძე გიგა ბოკერიას გადასცემს “ტლერანტობის ქომაგის” ჯილდოს. ფოტო: ომდუდსმენის აპარატი

  • სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭომ “ტოლერანტობის ქომაგები” 16 ნოემბერს დააჯილდოვა. წლევანდელი ქომაგები გახდნენ: მწერალი ლაშა ბუღაძე, ფესტივალის “ერთი ცის ქვეშ” ორგანიზატორი, მუსიკოსი და დამსახურებული პედაგოგი მანანა ალფაიძე; ორგანიზაციებიდან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი – პროექტისთვის “რელიგიათა კლუბი” და “არტარეა” პროექტისათვის “თბილისური ეზო”. მედიასაშუალებებიდან ქომაგის ჯილდო გადაეცათ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სა და გაზეთი “გურჯისტანის”, საჯარო მოხელეთა შორის კი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს, პარლამენტის წევრ გიგა ბოკერისაა და პრემიერის მრჩეველ გურამ ოდიშარიას. საპატიო ჯილდოები გადაეცათ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს ჰანს-იოაჰიმ კიდერლენს და ჩეხთა სათვისტომოს “ზლატა პრაღას” ხელმძღვანელს გაროლდ შმალცელს.
  • 20 ნოემბერს ნაირა გელაშვილმა მისი ხელმძღვანელობით “კავკასიური სახლის” მიერ 2009 წელს მიღებული ჯილდო “ტოლერანტობის ქომაგი” უკან დააბრუნა. როგორც მწერალი აცხადებს, მისთვის ამ ჯილდოს ფლობა მას შემდეგ გახდა მიუღებელი, რაც ის ტელეკომპანია რ2-სა და ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი