ახალი ამბები

ნაირა გელაშვილმა “კავკასიური სახლის” მიერ მიღებული “ტოლერანტობის ქომაგის” ჯილდო უკან დააბრუნა

20 ნოემბერი, 2017 • 3130
ნაირა გელაშვილმა “კავკასიური სახლის” მიერ მიღებული “ტოლერანტობის ქომაგის” ჯილდო უკან დააბრუნა

მწერალმა ნაირა გელაშვილმა მისი ხელმძღვანელობით “კავკასიური სახლის” მიერ 2009 წელს მიღებული  ჯილდო ტოლერანტობის ქომაგი უკან დააბრუნა. როგორც გელაშვილი აცხადებს, მისთვის ამ ჯილდოს ფლობა მას შემდეგ გახდა მიუღებელი, რაც ის ტელეკომპანია რ2-სა და ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას გადასცეს.

სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭომ “ტოლერანტობის ქომაგები” რამდენიმე დღის წინ დააჯილდოვა.  დაჯილდოვება  ყოველწლიურად იმართება და საპატიო სიგელებითა და პრიზებით აჯილდოებენ იმ პიროვნებებს, ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, რომლებმაც საქართველოში  ტოლერატობის კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.

წლევანდელი ტოლერანტობის ქომაგები არიან: მწერალი ლაშა ბუღაძე, ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ“ ორგანიზატორი, მუსიკოსი და დამსახურებული პედაგოგი მანანა ალფაიძე; ორგანიზაციებიდან  მშვიდობის,დემოკრატიისა და განვითარების  კავკასიური ინსტიტუტი – პროექტისთვის “რელიგიათა კლუბი” და „არტარეა“ პროექტისათვის „თბილისური ეზო“.  მედიასაშუალებებიდან “ტოლერანტობის ქომაგები” გახდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და გაზეთი „გურჯისტანი“, საჯარო მოხელეთა შორის კი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გურამ ოდიშარია. საპატიო ჯილდოები გადაეცათ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს ჰანს-იოაჰიმ კიდერლენი და ჩეხთა სათვისტომოს „ზლატა პრაღას“ ხელმძღვანელს გაროლდ შმალცელს.

ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ რელიგიათა საბჭო აბსოლუტურდ დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და მასში ჩარევის უფლება სახალხო დამცველს არ აქვს. ბექა მინდიაშვილის თქმით, საბჭო ტოლერნატობის ქომაგის ჯილდოს კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე გასცემს.

“კრიტერიუმები ჩამოყალიბებულია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ მხარდაჭერისა და რელიგიის თავისუფლებისა დაცვის, ასევე  ტოლერანტობის კულტურის განვითარების თვალსაზრისით”, – ამბობს ბექა მინდიაშვილი იმედთან საუბარში.

2009 წელს “კავკასიურ სახლთან” ერთად ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო მიიღეს:

პიროვნებები:

  • გივი შახნაზარი (ეროვნულ უმცირესობათა საბჭო)
  • ზურაბ კიკნაძე (რელიგიათა საბჭო)
  • ნუგზარ პაპუაშვილი (რელიგიათა საბჭო)
  • ზაზა თევზაძე (რელიგიათა საბჭო)

ორგანიზაციები:

  • კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) (რელიგიათა საბჭო)
  • მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (რელიგიათა საბჭო)
  • კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი კავკასიური სახლი (რელიგიათა საბჭო)
  • თავისუფლების ინსტიტუტი (რელიგიათა საბჭო)

მასალების გადაბეჭდვის წესი