ახალი ამბები

ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭომ “ტოლერანტობის ქომაგები” დააჯილდოვა

16 ნოემბერი, 2017 • 2645
ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭომ “ტოლერანტობის ქომაგები” დააჯილდოვა

სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭომ “ტოლერანტობის ქომაგები” დააჯილდოვა.  

დაჯილდოვება  ყოველწლიურად იმართება და საპატიო სიგელებითადა პრიზებით აჯილდოებენ იმ პიროვნებებს, ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, რომლებმაც საქართველოში  ტოლერატობის კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.

წლევანდელი ტოლერანტობის ქომაგები არიან: მწერალი ლაშა ბუღაძე, ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ“ ორგანიზატორი, მუსიკოსი და დამსახურებული პედაგოგი მანანა ალფაიძე; ორგანიზაციებიდან  მშვიდობის,დემოკრატიისა და განვითარების  კავკასიური ინსტიტუტი – პროექტისთვის “რელიგიათა კლუბი” და „არტარეა“ პროექტისათვის „თბილისური ეზო“.  მედიასაშუალებებიდან “ტოლერანტობის ქომაგები” გახდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და გაზეთი „გურჯისტანი“, საჯარო მოხელეთა შორის კი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გურამ ოდიშარია. საპატიო ჯილდოები გადაეცათ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს ჰანს-იოაჰიმ კიდერლენი და ჩეხთა სათვისტომოს „ზლატა პრაღას“ ხელმძღვანელს გაროლდ შმალცელს.

სახალხო დამცველის პრიზებით დაჯილდოვდნენ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მედიაკონკურსის გამარჯვებულებიც: კონკურსში პირველი და მესამე პრიზი ჟურნალ “სამხრეთის კარიბჭის”  ჟურნალისტებმა ნინო ნარიმანიშვილმა და თინათინ ზაზაძემ გაინაწილეს. პირველ ადგილზე გასული სტატია მუსლიმი მესხების რეპატრიაციის თემას ეძღვნება -„რთული გზა სამშობლოში დასაბრუნებლად“, ხოლო მესამე ადგილზე გასული მასალა -„სათავსოებად ქცეული სალოცავები“ -საქართველოს სოფლებში მეჩეთებისა და ჯამეების მდგომარეობას აღწერს. მეორე ადგილი ჟურნალ ლიბერალის რედაქტორს,ზურა ვარდიაშვილს ერგო სტატიისათვის: „რას გვასწავლის დედა ისტორია“.

ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო.


ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორისპატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებდეკლარაცია მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი