ახალი ამბები

არასამთავრობოები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებას მოითხოვენ

5 ივლისი, 2013 • 1086
არასამთავრობოები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებას მოითხოვენ

“გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წინამდებარე განცხადებაში ჩვენ შევეხებით მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის განადგურების აუცილებლობას, რაც, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ასევე დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ყველა სხვა ჩანაწერი. პირიქით, ვიდეომასალა, სადაც ასახულია წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება თუ სხვა მსგავსი ფაქტები, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე (როგორც მინიმუმ) არ უნდა განადგურდეს და ყველა მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირს კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა დაეკისროს დანაშაულის სიმძიმის ადეკვატური პასუხისმგებლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და  სხვა კანონმდებლობით, ამიტომ კადრები, რომლებიც ადამიანის პირად ცხოვრებას ასახავს, უნდა გნადგურდეს და მათი შენახვა დანაშაულია.

“მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პატივი სცეს ადამიანთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მკაცრად დაიცვას კანონი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნები. აღნიშნულის უზრუნველყოფა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ სამინისტრო დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო,  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

 

როგორც ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ჯფუფის წევრი, გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, კადრების განადგურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღიათ:

 

“ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა, არ ვიცით, როდის იქნება მომდევნო შეხვედრა, ველოდებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა რომ დაგვიძახოს და დავჯდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – აცხადებს ლაშა ტუღუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი