ახალი ამბები

პროკურატურის განცხადება ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის გამამართლებელ განაჩენზე

4 ივლისი, 2013 • 1476
პროკურატურის განცხადება ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის გამამართლებელ განაჩენზე

პროკურატურის თქმით, ამ პირთა ბრალდებები გამოძიების დროს მოპოვებული სხვადასხვა მტკიცებულებებით დასტურდება, თუმცა განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე–ჯავახეთის პროკურორს გივი პაპუაშვილს და ურჩია გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება აღნიშნული პირების გათავისუფლების პირობით, რაც “ყველასათვის კარგი გამოსავალი იქნებოდა”:

 

“პროკურორმა მოსამართლის ამ შეთავაზებას უარით უპასუხა, რადგან ბრალდებულ პირთა გათავისუფლება და მათთვის პირობითი მსჯავრის დაწესება არაადეკვატური სასჯელი იქნებოდა მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან მიმართებაში”, – განაცხადეს პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

 

გუშინ, 3 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ბრალდებული პირების მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსგან დასაბუთება არ მიუღია. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდეგ მისი გასაჩივრების საკითხი გადაწყდება.

 

სასამართლოს განმარტების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, არათუ არ შეესაბამებოდა ერთმანეთს და დაზარალებულთა ჩვენებებს, არამედ ხშირ შემთხვევაში გამორიცხავდა დაზარალებულთა მიერ მითითებულ ფაქტებს:

 

“ამასთან, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების  (პირის ამოცნობის) ოქმები, რომლებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეიძლება გამხდარიყო  ბრალდების ნაწილში, შეუსაბამობაში მოდიოდა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერთან, რამაც მტკიცებულებები ეჭქვეშ დააყენა”, – ნათქვამია სასამართლოს განმარტებაში.

 

განმარტების თანახმად, სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ იძლეოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სტანდარტს,  შესაბამისად, სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმე ეხება 2009 წლის 1 იანვარს დაბა ბაკურიანში მომხდარი ინციდენტს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

 

“პოლიციამ რამოდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსმა მამუკა ხვედელიანმა ბორჯომის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. სამმართველოში მისვლისას დაკავებულ პირებს მამუკა ხვედელიანის ბრძანებით მოხსნეს ხელბორკილები, აიყვანეს მეორე სართულზე, განათავსეს ცალ-ცალკე ოთახებში, სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ ცემაში მონაწილეობდნენ მამუკა ხვედელიანი და პოლიციელები სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე და გიორგი ბლიაძე. 

 

ერთ-ერთ დაზარალებულს დაუჭირეს ხელები, ჩაუწიეს შარვალი, საჯდომზე მიადეს პლასტმასის ბოთლი და გადაუღეს სურათები როგორც სახეზე, ასევე საჯდომზე. სურათებს მობილური ტელეფონით იღებდა სერგო სამსონიძე.  ვინაიდან ცემის გამო მსხვერპლს სახიდან მოსდიოდა სისხლი, იგი პერიოდულად გაჰყავდათ საპირფარეშოში, სადაც ეს უკანასკნელი იბანდა სისხლიან სახეს. ცემისას ალექსანდრე ბლიაძემ მსხვერპლს მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და ყური დაუწვა.

 

ამის შემდეგ ნაცემი დაზარალებული პოლიციის ორმა თანამშრომელმა მიიყვანეს  მაგიდასთან, გადახარეს და გიორგი ბლიაძეს უთხრეს, რომ მასთან დაემყარებინა სექსუალური კავშირი, რის საპასუხოდაც გიორგი ბლიაძემ აიღო რკინის სკამი და სკამის ფეხი მსხვერპლს უკანა ტანში შეუყვანა. გაუპატიურების შემდეგ კი მსხვერპლი იატაკზე დააგდეს. ამის შემდეგ მამუკა ხვედელიანმა მსხვერპლს უთხრა, რომ გადაღებულ სურათებს ბაკურიანის ცენტრში გამოუქვეყნებდა თუკი ჭკუით არ იქნებოდა.

 

მეორე დანაშაულებრივი ეპიზოდი, რომელშიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი იმხილებოდა 2011 წლის 27 მაისს მოხდა, როცა დაბა ახალდაბაში არსებულ რესტორან „ბურჯებში“ პოლიციის მუშაკებმა  2011 წლის 26 მაისს  ქ. თბილისში  ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო უკანონოდ დააკავეს  სამი პირი. აღნიშნული პირები მამუკა ხვედელიანის დავალებით წაიყვანეს ბორჯომის პოლიციის შენობაში, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე დააკავეს ადმინისტრაციული წესით თითქოსდა მათ, ერთმანეთში იჩხუბეს და სწორედ ამით დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.   აღნიშნულ პირებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ერთერთ მათგანს კი ჩაუმტვრიეს ნეკნი.

 

ზემოაღნიშნულ ქმედებათა გამო ბრალდებულებს მამუკა ხვედელიანს, სერგო სამსონიძეს, ალექსანდრე ბლიაძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს ბრალი დაედოთ ისეთ უმძიმეს დანაშაულებებში, როგორიცაა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირის დამცირება და იძულება, ასევე არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ უკანონო დაკავება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი