ახალი ამბები

სხვანაირად ჩავერთვები, თუ შევნიშნავ, ქალები არ მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში-მარნეულის მერი

15 ნოემბერი, 2017 • 2563
სხვანაირად ჩავერთვები, თუ შევნიშნავ, ქალები არ მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში-მარნეულის მერი

მარნეულის მერის თქმით, კაჩაგანში მოსახლეობასთან შეხვედრისას კაცები ჭარბობდნენ, თუმცა სოფლის ცენტრში ქალებიც იმყოფებოდნენ. ახალარჩეული მერის თქმით, მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ქალები ალბათ საკვებს ამზადებდნენ და შეხვედრაზე მისვლა ვერ მოახერხეს, მხოლოდ მისი ვარაუდია და მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები მსგავს აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულნი:

“ეს შეხვედრა მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი არ ყოფილა. სასმელ წყალს აკეთებდნენ, სამსახურში პირველი დღე იყო და ორი საათის შემდეგ გავედი მოსახლეობასთან, წყლის გაყვანის პროცესი მაინტერესებდა. იქ იყო შეკრებილი რამდენიმე მამაკაცი, დამხვდა ხალხი, რომელსაც შევხვდი. იმათთან ახლოს ქალბატონებიც ისხდნენ. რაოდენობით მამაკაცები მეტი იყვნენ, თუმცა ჩემი საუბარი მათაც ესმოდათ და ძალიან ესიამოვნათ, რომ რამდენიმე საათში ხალხთან გამოვედი და მაინტერესებდა მათი გულისტკივილი, რა პროცესი ხდებოდა სოფელში,” – ამბობს თემურ აბაზოვი.

აბაზოვის თქმით, მან ივარაუდა, რომ ქალების სიმცირე შეხვედრაზე იმით იყო განპირობებული, რომ შუადღეს შესაძლოა საოჯახო საქმეებით ყოფილიყვნენ დაკავებული, თუმცა აცხადებს, რომ სხვა შეხვედრებში ქალებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას:

“რაც შეეხება საკვების გაკეთებას, მე ვთქვი, რომ შეიძლება აკეთებდნენ საკვებს, რატომ არ შეიძლება? შუადღე იყო, შეიძლება აკეთებდნენ. თქვენ შეგიძლიათ უამრავი კადრი ნახოთ, თუ გნებავთ, წინასაარჩევნოდ იყო სოფლები, სადაც  ქალბატონები უფრო მეტად იყვნენ ჩართულები შეხვედრებში ძალიან დიდი სითბოთი. მეც ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი მათ პრობლემებზე. სხვათა შორის, ძალიან განსხვავებული პრობლემები იყო ხოლმე [დასახელებული] მათი მხრიდან. სულ ვხვდებოდი, ვიწერდი და ვინიშნავდი. ამის შემდეგ, მათი პრობლემების მოგვარებაზეც ვიზრუნებთ ეტაპობრივად,” – ამბობს მარნეულის მერი.

აბაზოვის თქმით, მისი აზრით, მარნეულში მცხოვრები ქალები მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულნი, თუმცა, თუ მერი შენიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მხოლოდ კაცები იღებენ მონაწილეობას, მიზეზით დაინტერესდება და პრობლემის აღმოფხვრაზე იმუშვებს:

“ჩემი აზრით, ქალები არიან ჩართულები მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში, თუმცა ამის შემდეგ, თუ შევნიშნავ, რომ არ არიან, სხვანაირად ჩავერთვები და დავინტერესდები, რატომ არ არიან – ერიდებათ, დრო არ აქვთ, თუ რა არის მიზეზი. თუმცა ჯერჯერობით ამის პრობლემა არ მქონია,” – ამბობს თემურ აბაზოვი.

ინფორმაცია თემურ აბაზოვის მოსახლეობასთან შეხვედრის შესახებ “რადიო მარნეულმა” გაავრცელა. 

“რადიო მარნეულის” მიერ მომზადებულ აუდიოსიჟეტში სოფლის მოსახლეობის ნაწილი საუბრობს, რომ ქალებისთვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება, ნაწილმა კი განაცხადა, რომ ქალები სახლში სადილს ამზადებენ და შეხვედრაზე ამიტომ არ იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი