ახალი ამბებიკომენტარი

აშკარად ივანიშვილის ფავორიტები მძლავრობენ – თამარ კორძაია სამთავრობო ცვლილებზე

13 ნოემბერი, 2017 • 4816
აშკარად ივანიშვილის ფავორიტები მძლავრობენ – თამარ კორძაია სამთავრობო ცვლილებზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 13 ნოემბერს, ცვლილებების ახალი ტალღის შესახებ განაცხადა. ცვლილებების მიხედვით, 18-დან 14-მდე მცირდება სამინისტროების რაოდენობა. სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების შესაძლო შედეგებზე “ნეტგაზეთი” “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელს, თამარ კორძაიას ესაუბრა:

პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული სტრუქტურული ცვლილებებით და მინისტრების გადაადგილებით, როგორ ფიქრობთ, გუნდის შიგნით ვისი გავლენის გაძლიერებაზე შეიძლება ვისაუბროთ? რამდენად ხედავთ ამ გადაწყვეტილებებში ივანიშვილის ჩართულობას და როლს?

აშკარად ივანიშვილის ფავორიტები მძლავრობენ. ეს ნათელია, რადგან გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა დაუსაბუთებელია. როგორ მოერევა ის იმ პრობლემებს, რომლებიც დახვდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაურკვეველია. ეტყობა, რომ კვირიკაშვილი ცდილობს, მისი კადრები არ გაწიროს. რაც დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში პრობლემები, “რესპუბლიკური პარტია” ითხოვს მღებრიშვილის გადადგომას, მას კი სამსახური შეუქმნეს – ანალიტიკის, კრიზისების მართვის ცალკე. აქედან გამომდინარე, მასაც ვერ იმეტებენ საბოლოოდ. როგორ შეძლებს ის ამ კრიზისების მართვას, სრულიად გაუგებარია. მისი მინისტრობის დროს გაიტაცეს აფგან მუხთარლი და აღმოჩნდა, რომ არაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ვინმე დაესაჯათ, კონკრეტული პასუხისმგებლობა დამდგარიყო. უფრო მეტიც, სრულიად არაადეკვატური პასუხები იყო. რა ანალიტიკაზეა საუბარი, როდესაც მინისტრი ვერ ხვდება, მის კოლეგას ესაუბრება უკრაინიდან, თუ ჟურნალისტებს. აქედან გამომდინარე, დიდად იმედისმომცემი ეს ცვლილებები არ არის. გუნდი მაინც იგივეა. ხელისუფლება ცდილობს, ოპტიმიზაციით იმედი შექმნას საზოგადოებაში, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის განცდა შექმნას.

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა რამდენად რეალისტური შესაძლებლობაა ამ ცვლილებებით?

აბსოლუტურად არ არის იმედისმომცემი იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ლარის კურსი ყოველდღიურად ვარდება და როგორ გააჯანსაღებს ეკონომიკის მინისტრად დანიშნული ქუმსიშვილი ამას, გაურკვევლია იმიტომ, რომ მან ერთადერთი რამით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას, ეს არის პარლამენტში მისი გამოსვლა. ქუმსიშვილს ჩაბარდა ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს სამინისტროს ნაწილი, მონსტრად აქციეს ერთ-ერთი სამინისტრო, პრაქტიკულად. ეს კარგია თუ ცუდი, ამას პროცესში დავინახავთ. ამას, ალბათ, მოჰყვება შემცირებები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ არცერთ ამ ადამიანს ქვეყანაში განსაკუთრებული პროგრესისთვის არ მიუღწევია და მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის.

მე იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტროში რაიმე ძვრა მაინც მოხდება. ვნახავთ ახალი მინისტრის განცხადებებს და საქმიანობას, როგორ აპირებს განათლების სისტემის რეფორმას, იმიტომ, რომ სკოლა თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ბავშვები სკოლაში აბსოლუტურად არაფერს არ სწავლობენ. ამას ვლაპარაკობ, როგორც მშობელი და დაინტერესებული პირი. არ ვიცი, ვნახოთ, განათლების სამინისტროს შეფასებისგან თავს შევიკავებ. ჯეჯელავას პირობებში საერთოდ შეწყდა ყველაფერი სკოლებში და აქამდეც იყო გადასაყენებლი. იქნებ ამ ახალმა მინისტრმა რამე ქნას. მისი განათლება ერთი შეხედვით შთამბეჭდავია, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოდის იმ უნივერსიტეტიდან, სადაც “ოდეერები” იყვნენ, არიან და ალბათ, იქნებიან და ამაზე პროტესტი არასდროს არ გამოუხატავს. ალბათ, იქნება ისეთივე მორჩილი მინისტრი, როგორც სხვა მინისტრები, ამ ძალოვანი სისტემის და პოლიტიკაში პოლიციური რეჟიმის არსებობის.

პრემიერმა როდესაც ისაუბრა ამ ცვლილებებზე, განაცხადა, რომ ეს უფრო მოქნილს გახდის მმართველობას და, რაც მთავარია, ამით უნდა შემცირდეს საბიუჯეტო თანხები, რა თანხის ეკონომიაზეა საუბარი 4 სამინისტროს გაუქმებით, შესაძლებელია ამის ვარაუდი?

რის ხარჯზე შემცირდება, ეს მას არ უთქვამს. თანხებს ვერ გეტყვით, ეს მას უნდა ეთქვა. სამინისტროების შემცირება პირდაპირ კავშირში არ არის ფინანსების ხარჯვის შემცირებასთან. ეს უკავშირდება, მაგალითად, ხელფასების ხარჯის შემცირებას, შეიძლება იყოს სხვა ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება, ეს ყველაფერი გამოჩნდება, როდესაც 2018 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ.

2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტროს გაუზარდეს უფლებამოსილებები და ბუნებრივი რესურსები დაუბრუნეს ამ უწყებას, ამ ცვლილებებით კი ისევ გამოაკლდა ეს კომპონენტი და 2012 წლამდე მოცემულობას დაუბრუნდა გარემოს დაცვა, რაზე მეტყველებს ეს გადაწყვეტილებები? 

ეს მეტყველებს დაუგეგმავ ცვლილებებზე. გარემოს დაცვას ჩვენთან პრიორიტეტი არ ენიჭება, მთელი მსოფლიო მდგრად განვითარებაზე გადავიდა გარემოს დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით. თუ ისინი გულისხმობენ, რომ გარემოს დაცვა ამ ცვლილებებით უკეთესად მოხდება, მეეჭვება. მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკა იქნება ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი და გარემოს დაცვა არ იქნება საინტერესო. ამაზე მეტყველებს არაერთი პროექტი, თუნდაც “პანორამა თბილისი”. გარემოს დაცვის დანაწევრება და სხვადასხვა სამინისტროებში გადანაწილება ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებისთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტი არ არის.

ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა, ეს უწყება ბევრ არაპოპულარულ თემასთან იყო კავშირში, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან, განსაკუთრებით კი, “ხუდონჰესის” მშენებლობასთან, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ფაქტორიც იყო მიზეზი, რის გამოც მთავრობამ უწყების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო?

პოპულარობის საკითხი აქ არ არის. ეტყობა, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ კახა კალაძემ ენერგეტიკის სფეროში დაარეგულირა და მოაწესრიგა ყველაფერი და ახლა შესაძლებელია, რომ სამინისტრო ცალკე არ იყოს საჭირო. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რა ხედვა აქვს ხელისუფლებას გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულებით. თავად ის ფაქტიც, რომ ევროინტეგრაციის სამინისტრო გააუქმეს, შეიძლება დასავლეთში შეფასდეს, რომ პრიორიტეტი არ არის ევროინტეგრაცია. თავის დროზე გვახსოვს, რომ ეს სამინისტრო იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენი სწრაფვა ევროკავშირის წევრობისკენ სერიოზულია, ჩვენ გაცილებით დიდ ყურადღებას ვუთმობდით ამას, მაგრამ ესეც გააუქმა ამ ხელისუფლებამ. ამიტომ არ ვიცით, შედეგი რა იქნება. საბოლოო ჯამში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი