ახალი ამბებისამართალი

ორსულ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა

31 ოქტომბერი, 2017 • 2613
ორსულ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა

თბილისის საპელციო სასამართლომ ორსულ ქალზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 1000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა გ.ტ-მ ოჯახში ძალადობა ჩაიდინა – ორსულად მყოფ მეუღლეს, ე. კ-ს სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც იგი წაიქცა და ამან ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა ეს განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

განჩინების თანახმად, საჩივარს თან დაურთეს ბრალდებულის ცოლის, ანუ დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება იმის შესახებ, რომ  ბრალდებულთან პრეტენზია არ გააჩნია, ასევე, ცოლი ითხოვდა თანადგომას და ამბობდა, რომ მისი მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა მხოლოდ ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში იყო შესაძლებელი.

ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულს კმაყოფაზე ჰყავს “რვა თვის ფეხმძიმე მეუღლე, რომელიც არსად არ მუშაობს, შიმშილობს და იმყოფება გაუსაძლის გაჭირვებაში”.

ადვოკატის ინფორმაციითვე, ბრალდებული შშმ პირია, რის შესახებაც ცნობა წარმოდგენილი აქვს. ადვოკატმა ისიც თქვა, რომ ცოლის მიმართ ბრალდებულის აგრესიის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული ფსიქიკურად დაავდებულია და ბოლო პერიოდში წამლებს არ იღებდა.

“ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ გ. ტ. არის ს.-დან დევნილი. მას პირველ მეუღლესთან, რომელიც იყო ოსი ეროვნების და დარჩა ც.-ში ჰყავს ოთხი შვილი, ერთი ჩამოიყვანა და ცხოვრობს ბრალდებულის დედასთან, ხოლო სამი შვილი არ გამოატანეს და ცხოვრობენ ც.-ში. იგი 2008 წლის შემდეგ გარკვეული დრო ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც გადაიტანა დიდი გაჭირვება, იმყოფებოდა ტყვეობაში, აწამებდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას, რის გამოც დაავადდა ფსიქიკურად. იგი აღრიცხვაზე იმყოფებოდა შპს „გ.“-ში,
იღებდა წამლებს, თუმცა ბოლო პერიოდი ექიმთან აღარ მისულა, არც წამლები მიუღია, რაც მისი აგრესიის მიზეზი გახდა.

ბრალდებული გ. ტ. დაეთანხმა ადვოკატის მოთხოვნას სრულად და დამატებით აღნიშნა, რომ არის დევნილი სამაჩაბლოდან. როგორც დევნილმა, სახელმწიფოსგან მიიღო საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, რომელიც არის ოჯახის საკუთრება. მეუღლე ჰყავს ფეხმძიმედ, ელოდება მეხუთე შვილს, არ არის ნასამართლევი, არ აქვს სტაბილური შემოსავალი, ეწევა მიწათმოქმედებას, ასევე მუშაობდა კერძო სამუშაოებზე დღეში 10-15 ლარად კვირაში 2-3 დღე, სხვა შემოსავალი არ აქვს. მეუღლისთვის ხელი არ დაურტყამს, მოუვიდა კამათი, ხელი ჰკრა. ოჯახი შექმნა სიყვარულით, უყვარს მეუღლე და მის მიმართ აგრესიულად განწყობილი არ არის,”- ვკითხულობთ სასამართლოს განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ საკუთარ მსჯელობაში გაითვალისწინა, რომ “მეუღლეებს შორის კონფლიქტი ფაქტობრივად ამოწურულია”. ასვეე, შეაფასა დაზარალებულის განცხადებაც იმის შესახებ, რომ მისი მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა მხოლოდ ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში იყო შესაძლებელი.

“ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის წარსულს, მის დამოკიდებულებას ოჯახის მიმართ და მისწრაფებას, რომ შეურიგდეს დაზარალებულს. საგამოძიებო კოლეგია მხედველობაში იღებს აგრეთვე მოსალოდნელი სასჯელის ზომას (ბრალის დადასტურების შემთხვევაში სასჯელის სახით მოსალოდნელია ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ასევე არასაპატიმრო სასჯელი), რაც არ არის რელევანტური ფაქტორი მიმალვის საფრთხის შესაფასებლად.

ამასთან, მნიშვნელოვანია დაზარალებულის პოზიცია და დამოკიდებულება. კერძოდ, წარმოდგენილი დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის პატიმრობიდან განთავისუფლებას. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ბრალდებულს გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. ამასთან, მას (ოჯახს) საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა), კმაყოფაზე ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე, ხოლო მეუღლეებს შორის კონფლიქტი ფაქტობრივად ამოწურულია. აღნიშნული გარემოებები კი ერთობლიობაში, საგამოძიებო კოლეგიის შეფასებით, მნიშვნელოვნად ამცირებს მოსალოდნელ საფრთხეებს და ასაბუთებს მოცემულ საქმეზე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეუწონლობას.

მით უფრო, რომ დაზარალებულის პოზიცია, რაც დაფიქსირებულია მის განცხადებაში, აღკვეთის ღონისძიების შერჩევის ეტაპზე ცნობილი არ იყო სასამართლოსთვის, რაც რადიკალურად ცვლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მითუმეტეს, იმ გარემოების ფონზე, რომ ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე არ არსებობს, ხოლო დაზარალებულს, როგორც მეუღლეს, უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება თავისი მეუღლის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით დგინდება, რომ დაცვის მხარე სხვა გარემოებებთან ერთად ყურადღებას ამახვილებდა სწორედ დაზარალებულის პოზიციაზეც და საუბრობდა დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებულ განცხადებაზე, რის დემონსტრირებასაც ახდენდა, თუმცა სასამართლომ შეფასება მისცა დაზარალებულის განცხადებას მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც იგი ითხოვდა თანადგომას და აღნიშნავდა, რომ მისი მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა მხოლოდ ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში იყო შესაძლებელი, რადგან სხვა დამხმარე არ ჰყავდა, რაც სასამართლომ არ მიიჩნია დასაბუთებულ არგუმენტად, არ მისცა შეფასება დაზარალებულის პოზიციას, რაც ხაზგასმითაა დაფიქსირებული განცხადებაში, რომ მას არ აქვს პრეტენზია მეუღლესთან და ითხოვდა მისი პატიმრობიდან განთავისუფლებას.

სწორედ დაზარალებულის პოზიცია და არა მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა და დაზარალებულისა და ბრალდებულის ერთობლივი სურვილი შერიგებისა და ერთად ცხოვრების შესახებ, არის ის მნიშვნელოვანი გარემოება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბრალდებულის მხრიდან ახალი (ანალოგიური) დანაშაულის ჩადენისა და დაზარალებულზე (მოწმეზე) ზემოქმედების მოხდენის გზით მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებს, რაც გახდა თავდაპირველად ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველი,”- ვკითხულობთ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში.

ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. განჩინება სრულად შეგიძლიათ ნახოთ სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი