“მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილი, როგორც იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც ადამიანებს თრგუნავდა და ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევაზე იყო ორიენტირებული, ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას. მე მიმაჩნია, რომ ის არის ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი იმ ძალადობრივი სისტემის, რომელიც ადამიანის წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე იყო მიმართული. მას თავის წილი პასუხისმგელობა აქვს ძალიან მაღალი. კონკრეტულ პირებზე გადატანა პასუხისმგებლობის და თავიდან არიდება საკუთარი, ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთის, მე არ მიმაჩნია, რომ ეს ასეა, მას ეკისრება როგორც ქვეყნის პირველ პირს პასუხისმგებლობა, რომ სისტემურად ხდებოდა ასეთი ძალადობრივი ქმედებები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ იუსტიციის სახლში სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბესელია მიიჩნევს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული პირების დანაშაულებრივი ქმედებები გამოიკვეთება, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია. რაც შეეხება მასალის განადგურებას, ბესელიამ განაცხადა, რომ მთავარია, საბოლოო ჯამში, მასალა განადგურდეს:
“ის, რაც არის მტკიცებულება, სხვა რამეა, მაგრამ ეს მტკიცებულება ვერასდროს ვერ იქნება, კანონის დარღვევით მოპოვებული მასალა მტკიცებულება ვერ იქნება, ეს არის აქსიომა სისხლის სამართლის პროცესში, ასე რომ, დროში თუ გადაიწია, არაუშავს, მაგრამ შედეგი მაინც ის უნდა დადგეს, რაც კანონში წერია”, – განაცხადა ბესელიამ.
სააკაშვილი ფარულ ვიდეოჩანაწერებზე ასახულ წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულში დამნაშავეები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები ლევან ქარდავა და დავით ჩხატარაშვილი არიან;
“ეს ორი ადამიანი იყო, საუბედუროდ, იმ ბევრი უკანონობის ჩამდენი, როგორც ახლა ირკვევა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.