ახალი ამბები

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას 5 ქვეყნის ლიდერები ესწრებიან

30 ოქტომბერი, 2017 • 2445
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას 5 ქვეყნის ლიდერები ესწრებიან

დღეს, 30 ოქტომბერს, ოფიციალურად გაიხსნება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელსაც 5 ქვეყნის ლიდერი დაესწრება.

გახსნის ოფიციალური ცერემონია ბაქოში თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

აზერბაიჯანში იმყოფებიან თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები და უზბეკეთის პრემიერმინისტრი.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლები სატესტო რეჟიმში უკვე დადიან. როდის შევა საქართველოს ტერიტორიაზე პირველი მატარებელი გახსნის შემდეგ, უცნობია.

თურქეთის ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და საზღვაო საკითხების მინისტრმა აჰმედ არსლანმა dailysabah-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მონაკვეთი იქნება აბრეშუმის გზის რკინიგზისა.

პროგნოზის მიხედვით, რკინიგზა გახსნის შემდეგ 1 მილიონ მგზავრს გადაიყვანს და პირველ ეტაპზე 5 მილიონ ტონა ტვირთს გადაიტანს. რკინიგზის ამოქმედების შემდეგ 2 500 ადამიანი დასაქმდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. სამმხრივ ხელშეკრულებას ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ 2007 წლის 7 თებერვალს მოაწერეს ხელი თბილისში, პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა და მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა, რომელიც მაშინ თურქეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა.

მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2010 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემდეგ 2013 წლისთვის გადაიდო. 2014 წელს პროექტის დასრულების ვადად 2015 წლის მეორე ნახევარი განისაზღვრა, თუმცა 2017 წლამდე ვერ მოხერხდა რკინიგზის მშენებლობის დასრულება.

სარკინიგზო ხაზის სიგრძე 826 კმ-ია, აქედან 254 კმ- საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. საქართველოს მონაკვეთზე მშენებლობას შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა” ახორციელებდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს და 4 თოვლდამცავ გალერეას.

მასალების გადაბეჭდვის წესი