ახალი ამბები

პირადი ცხოვრების შესახებ ფარულ მასალებს კვირას გაანადგურებენ

18 ივნისი, 2013 • 1965
პირადი ცხოვრების შესახებ ფარულ მასალებს კვირას გაანადგურებენ

კომისიის სხდომა შსს-ში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ლაშა ტუღუშის თქმით, ამ დროისთვის სამინისტროში ფარული მიყურადების შედეგად დაგროვილი 12 888 ფაილი ინახება, რომელიც 300-ზე მეტ დისკზეა ჩაწერილი. აქედან მხოლოდ 52 დისკი განადგურდება კვირას, რომლებზეც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებია შენახული.

 

“დანარჩენი მასალები არის პოლიტიკური პროცესების ამსახველი, ძირითადად, ფარულად გადაღებული ფოტო-ვიდეომასალა და ფარული მოსმენების შედეგად დაგროვილი აუდიომასალა. მასალები მოპოვებულია პოლიტიკური პარტიების ოფისების, პოლიტიკოსების სახლების, პირადი კომპიუტერების, სასულიერო პირების, მედიაორგანიზაციების, ძირითადად, ტელევიზიების ოფისების ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად,” – ამბობს ლაშა ტუღუში.

 

მისივე თქმით, კომისიის წევრებს დღეს შსს-ში გადასცეს ამობეჭდილი სია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისა, რომელთა ფარული თვალთვალის შედეგად დაგროვდა შსს-ში მასალები. 

 

“კომისიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ მასალების გადანდგურების შესახებ და ამის გამო ჩვენ ისევ შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ,” – აცხადებს ლაშა ტუღუში.

 

ლაშა ტუღუშის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების პროცესი საჯაროდ მოხდება და მედიისთვის ღია იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი